ახალი ამბები

გორიდან ბიისის “საზაფხულო ბანაკში” ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა

“საზაფხულო ბანაკი 2021“ სოფელ ბიისში გაიხსნა, სადაც 400 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. ბიისში ახალგაზრდების (50 ახალგაზრდა) პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. მერია პროექტს 36 800 ლარით აფინანსებს.

14-დან 29 წლამდე მოზარდებს ბანაკი რვა ეტაპად უმასპინძლებს. ბანაკის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. მოეწყობა ასევე ლაშქრობები, ჩატარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.„საზაფხულო ბანაკი 2021“ ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.

“ახალგაზრდებში რეკრეაციული განვითარება გორის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტში ერთერთი პრიორიტეტული ნაწილია. ბანაკების ორგანიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდის პერიოდში მიღებული სტრესის გასანეიტრალებლად. ასევე იმ დანაკლისის შესავსებად, რასაც თანატოლებთან კომუნიკაცია ჰქვია. ბანაკში, ახალგაზრდებისთვის დაიგეგმება არაერთი აქტივობა მათ შორის, ლაშქრობები სხვადასხვა მიმართულებით ტანას ხეობაში, რაც ახალგაზრდებში გაზრდის ცნობადობას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა, დიმიტრი გოგიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბანაკში დასვენების მსურველბმა უნდა მიმართონ ასოციაცია „ტონთიოს“ (მისამართი: ქ. გორი, გორიჯვრის ქუჩა #26;ტელ: 599 221 644;) შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ და სხვადასხვა პროექტებში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებს.

დატოვეთ კომენტარი