ახალი ამბები

რატომ დაწვა ავტომობილი გორის საკრებულოს წევრმა – კახა ბურჯანაძე სასამართლოს განაჩენის მოლოდინში



გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატსა და პარტიის “ევროპული საქართველოს” წევრს, კახა ბურჯანაძეს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. აღნიშნული ბრალდებით, დეპუტატი სამართალდამცავებმა 9 ივლისს დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, კახა ბურჯანაძემ ავტომობილი დაწვა, რომელიც სხვა ადამიანის მფლობელობაში იყო, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ მანქანა მისია. 

მისი უფლებადამცველი, თამარ თედლიაშვილი ამბობს,რომ ავტომობილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრებაშია და მომჩივან ქალს, მხოლოდ მართვის უფლება ჰქონდა.  

“კახა ბურჯანაძემ დაწვა საკუთარი ავტომობილი, მისი ფულით შეძენილი. აღნიშნულ ქალბატონს ჰქონდა მართვის უფლება, როცა კახამ მოითხოვა, მისგან მანქანის დაბრუნება, ქალბატონმა უარი განაცხადა. კახა თავის ნებით გამოცხადდა პოლიციაში, მას შემდეგ, რაც ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა”, – ამბობს ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი. 

საპირისპიროს ამტკიცებს მომჩივანი. მისი განცხადებით ავტომობილი თავად შეიძინა და მის სახელზეა გაფორმებული. ბურჯანაძემ კი მასთან უთანხმოების გამო, მანქანას ცეცხლი წაუკიდა. 

ფოტო: ტ/კ “ფორმულა”

” არ ვიცი რა ესაქმება კახა ბურჯანაძეს ამ მანქანასთან. ჩემი სახსრებითაა შეძენილი და მფლობელიც მე ვარ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გამოჩდნება”, – ამბობს ქალი. 

პარტიის წევრის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, “ევროპულ საქართველოში” გამოეხმაურნენ. პარტიაში აცხადებენ, რომ კახა ბურჯანაძესა და მომჩივანს შორის, პირადი უთანხმოებაა და სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. 

ბურჯანაძის საქმეს გორის რაიონული სასამართლოში, 11 ივლისს განიხილავენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე სავარაუდოდ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

დატოვეთ კომენტარი