ახალი ამბები

დაისაჯონ მოძალადეები – მდუმარე აქცია გორში (ფოტოები)

გორში მდუმარე აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იღებდნენ.

აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს.

გორში მომუშავე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც 5 ივლისს კონტრაქციაზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა.

მალხაზ მიქელაძე, TV პირველის ჟურნალისტი

ვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დასჯას, რომლებმაც სცემეს ათობით ჟურნალისტი. სახის ძვლები ჩაულეწეს ჩვენს ოპერატორს, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. სწორედ მან წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები. ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში არავინაა დაცული, 5 ივლისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ბნელ ძალებს ჰქონდათ მითითება, რომ ეძალადათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახსა და კოლეგებს. ყველა მოძალადე სათანადოდ უნდა დაისაჯოს”.

თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგან დღეს არავინ არ არის დაცული. ხვალ შეიძლება, ვიღაცას ჩემი ჩაცმულობა ან განცხადება არ მოეწონოს და ამის გამო, იგივე ტრაგედია მოხდეს. ეს ყველაფერი არის დაუსჯელობის ბრალი. ამიტომაც ვითხოვ, ყველა დამნაშავის დასჯას და ასევე მოვითხოვ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ განცხადებაზე, რომლითაც ძალადობას ახალისებდა

ვასილისა ჯაბახიძე, ენმ-ის წევრი

“ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში არავინაა დაცული. 5 ივლისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ბნელ ძალებს ჰქონდათ მითითება, რომ ეძალადათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახსა და კოლეგებს. ყველა მოძალადე სათანადოდ უნდა დაისაჯოს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.