ადამიანები ისტორიები

ეკოპარკების სამკერვალო – 17 წლის ნუცას ბიზნესიდეა

ნუცა შუღლიაშვილმა ეკოჩანთების სამკერვალოს გახსნა გადაწყვიტა. ამ იდეის დაფინანსებისთვის, ნუცამ პროექტი დაწერა და “ChildFund Deutschland”-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლის პროექტი საუკეთესოთა სიაში მოხვდა და ნუცამ დაფინანსების სახით, 250 ევრო მიიღო.

ნუცას უნდა, რომ საკუთარ სამკერვალოში ეკოპარკები და ჩანთები შეკეროს. მისი წამოწყება მხოლოდ ბიზნესი არ არის. ნუცას ინიციატივა ეკოლოგიურად სასარგებლოა გარემოსთვის.

“ძალიან მაწუხებდა ქალაქში მუდამ პოლიეთილენის პარკებისგან დაბინძურებული ადგილების ნახვა. ერთი საუკუნე უნდა თითოეული ასეთი ნრჩენის გახრწნას. ეს კი ძალიან საზიანოა დედამიწისთვის”.

საკუთარი იდეის წარმატებით განხორციელებისთვის, მან ტრენინგებიც გაიარა. ისწავლა, როგორ უნდა გახდეს მეწარმე. ახლა კი უკვე საჭირო ინვენტარის შეძენაზე ფიქრობს. საწყის ეტაპზე, მიღებული თანხით, ნუცა ქსოვილების და საკერავი მანქანის შეძენას გეგმავს.

“უკვე შეკერილ ეკოპარკებს და ეკოჩანთებს გავიტან გასაყიდ ბაზარზე. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება”.

ნუცა საკუთარი ბიზნესიდეის მომავალზეც ფიქრობს. წარმოუდგენია, როგორ ჩართავს ამ საქმეში სხვა ახალგაზრდებსაც.

“ყველა მოქალაქემ და მითუმეტეს სკოლის მოსწავლემ უნდა გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა დედამიწის, გარემოს წინაშე. ბევრი ასეთი პროექტი უნდა დაფინანსდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი დედამიწა სუფთა და ჯანმრთელი იყოს”.

ნუცა შუღლიაშვილი17 წლისაა. ამბობს, რომ ბავშვობიდან კერავს. ეს საქმე ნუცას დედამ ასწავლა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები