ახალი ამბები

კაცს, რომელმაც ახალდაბაში მკვლელობა ჩაიდინა, 25 წელი მიუსაჯეს

გორის სასამართლომ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ.ნ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა” , – აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები