ახალი ამბები

რა სამუშაოები მიმდინარეობს გორის ცენტრალურ გამზირზე?

გორში, ცენტრალურ გამზირზე დეკორატიული ხეების დარგვა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იწყება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სტალინის გამზირზე არსებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ორი წლის წინ შეადგინა, თუმცა სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა.

გორის მერიაში ამბობდნენ, რომ პროექტის ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შესაძლებლობა მიეცა, რომ ფასადების რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონი” ფარგლებში განახორციელოს.

პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, მალე ვნახავთ განახლებულ სტალინის გამზირს”, – განაცხადა გორის მერმა.

ფასადების რეაბილიტაციის გარდა, სტალინის გამზირზე დეკორატიული ხეების დარგვაც იგეგმება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქალაქის მასშტაბით, წლის ბოლომდე 20 -მდე ხე-მცენარეს დარგავს.

ქალაქის ცენტრალური ქუჩების საფეხმავლო ბილიკებზე მიმდინარეობს ფილების დაგება.

სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს კომპანია შპს “იმერმშენი” 837 000 ლარად ასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.