ადამიანები ისტორიები

ბამანეს კუთხე – ქეთევან კვაჭანტირაძის ისტორია

ქეთევან კვაჭანტირაძე სამკერვალო ნაწარმის მესამე დონის სპეციალისტია, ამ საქმეს პროფესიულ დონეზე 28 წლის ასაკში დაეუფლა.

ქეთევანი ბავშვობიდან ხატავს, ქარგავს და ქსოვს. პირველად კერვა პატარა ასაკში თოჯინებისთვის დაიწყო, აკეთებდა ესკიზებს სათამაშოებისთვის და ქმნიდა ნამუშევრებს. ქეთევანი ახლა 32 წლის და 4 შვილის დედაა.

სამკერვალოს გახსნის იდეა პირველდ პანდემიის დროს გაჩნდა.

როგორც თავად ამბობს, დამ ურჩია სოციალურ ქსელში გვერდის შექმნა და ნამუშევრების დადება. ასე გაჩნდა “ბამანეს კუთხე.”

“ბამანეს” დაარსების იდეა ჩემს დას ეკუთვნის, სახელი კი ჩემი გოგონების სახელების ინიციალებია. “ბამანეს” პირველი ნაწარმი კოტონის პირბადეები გახლდათ, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო რომ სრული ერთი თვე მხოლოდ პირბადეებს ვკერავდი. შემდეგ სხვადასხვა სამოსის შეკერვის მსურველებიც გაჩნდნენ.”

ქეთევანი თავიდან ყველაფერს კერავდა, რასაც მომხმარებელი სთხოვდა. ამბობს, რომ ერთი ქორწილისთვის კაბა რამდენიმე სტუმრისთვისაც შეუკერავს.

“ამ დროის განმავლობაში, ბევრი მეჯვარე გავისტუმრე და საოცნებო საქორწილო კაბებშიც გამოვაწყვე პატარძლები. მქონია შემთხვევები, რომ ერთ ქორწილში ხუთი კაბა შევკერე. შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე დამებრენდა ყველა ჩემი ნამუშევარი და იარლიყიან სამოსთან ერთად, ბრენდირებული ჩანთებით გამესტუმრებინა ჩემი მომხმარებლები”, – ამბობს ქეთევან კვაჭანტირაძე.

ქეთევანის სამკერვალო სახლის ერთ ოთახში აქვს მოწყობილი და იქ ქმნის ნამუშევრებს. რეგულაციების გამო სახელოსნოს გახსნისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

“კოვიდპანდემიის გამო, ვერ გავწიე რისკი სახელოსნო გამეხსნა. მივხვდი, რომ ისე იყო სხვადასხვა სახის რეგულაციებით არეული მდგომარეობა, ახალი საქმის წამოსაწყებად ხელსაყრელი მომენტი ნამდვილად არ იყო. ამიტომაც ბინაში გამოვყავი ერთი ოთახი და მოვაწყვე სამუშაო სივრცე. იმ დღიდან ეს ადგილი გადაიქცა 24-საათიან სამუშაო გარემოდ”.

ბიზნესი ისე სწრაფად განვითრდა, რომ ქეთევანს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის სამოსის შესაკერად დრო პრაქტიკულად აღარ რჩება. არადა, იხსენებს, რომ წლების განმავლობაში, ახლობლები ძირითადად სწორედ მისი შეკერილი ტანსაცმელი ეცვათ.

“სწავლის პროცესში არასდროს დამიშვია გონებაში ის, რომ მე ხალხისთვის შევკერავდი. არასდროს მეცვა პირადად მე ისე, როგორც მომწონდა და გადავწყვიტე მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის შემექმნა სამოსი. “ბამანეს” დაარსების შემდეგ კი საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩებოდა. უდიდესი ძალისხმევის შედეგაც, მაინც ვახერხებ იმას, რომ ყოველდღიურ სამოსსაც მხოლოდ ჩემს შეკერილს ვიცვამ,მაღაზიებში აღარ დავდივარ და უახლესი ტენდენციების, ტრენდების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ვეცნობი”.

ქეთევანს მეოთხე შვილი შეეძინა, თუმცა ამის მიუხედავად, მუშაობა არ შეწყვიტა.

“დიდი იმედი მქონდა, რომ ორიოდე თვეს მაინც გავატარებდი მხოლოდ მის გვერდით, მაგრამ მაინც მიწევს გარკვეულწილად პროფესიულ საქმიანობაში ჩართვა. ოჯახის წევრები მეხმარებიან. ბევრ შრომასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს საქმე, რთულია ფოტოსურათით ნანახი მოდელი ზუსტად დასვა მომხმარებლის ტანზე”.

ქეთევანის სურვილია, რომ მომავალში საპატარძლო კაბების ხაზი შექმნას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები