ახალი ამბები

ბაჩანა გვიანიშვილმა წყალმომარაგების კომპანიაში თანამდებობა დატოვა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე 4 თვის წინ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნეს, თუმცა როგორც თავად განმარტავს, ზემდგომმა უწყებამ მასთან ურთიერთობა 2 თვით ადრე შეწყვიტა. გვიანიშვილი ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზები მისთვის არავის განუმარტავს.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აღარ ვხელმძღვანელობ. თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. ვადაზე ადრე შემიწყვიტეს 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. მოგეხსენებათ, 4 თვის წინ დავიკავე ეს პოზიცია. საქმიანობას კერძო სექტორში ვაგრძელებ. ამ ეტაპზე პარტიულ აქტივობებში ჩართვას არ ვაპირებ”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ბაჩანა გვიანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბაჩანა გვიანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთიმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. 2021 წლის მარტიდან კი წყალმომარაგების კომპანიაში გადაიყვანეს.

ის არ მალავს, რომ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელია და არც იმას გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაბამისმა პირებმა, სწორედ მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატთან კავშირის გამო მიიღეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.