ანალიტიკა / გამოძიება

გორის ა(ა)იპ-ების შინაგანაწესი და რეალობა – ჟურნალისტური გამოძიება

შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის პირობები, მათ შორის: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, შრომის პირობების დაცვის წესები და ა.შ. ორგანიზაციების უმრავლესობის მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსაც აქვთ ინდივიდუალური შინაგანაწესები დამტკიცებული.

რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა რამდენად მოდის შესაბამისობაში რეალობასთან დოკუმენტით გათვალისწინებული წესები. ზოგიერთ ა(ა)იპ-ს გათვლილი აქვს საკადრო პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში; ასევე მითითებული აქვთ სამსახურში ჩაცმის და თამბაქოს მოხმარების წესები. გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვას. თითოეული შინაგანაწესით, თანამშრომლებს უკრძალავს დაწესებულების იმიჯისშემლახავ ქმედებას.

წესები ბევრია, თუმცა რამდენად ხდება აღნიშნული პუნქტების შესრულება? – სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება რადიო “მოზაიკას” მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალა.

ცარიელი ოფისი და  დაუცველი დოკუმენტები ა(ა)იპ-ში

გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს შრომის კოდექსის შესაბამისად, შინაგანაწესის თვალსაჩინო ადგილას განთავსების ვალდებულება აკისრიათ. ყველა მათგანს, დოკუმენტში მითითებული აქვს, რომ შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ყველა თანამშრომლისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო დღე 09:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე მთავრდება, თუმცა სამუშაო საათებშიც კი ზოგიერთ ა(ა)იპ-ში ან საერთოდ არავინაა, ან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. მათი ნაწილი ამას პანდემიით ხსნის და სრული შემადგენლობით ადმინისტრაციის თანამშრომელთა ადგილზე ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს.

დღის 12:00 საათზე სტრატეგიული განვითარების სააგენტოში არც ხელმძღვანელია და არც სხვა ვინმე პასუხისმგებელი პირი. კარი ღიაა და ყველა დოკუმენტი თუ საბუთი დაუცველია და ხელმისაწვდომია, ისე რომ მშვიდ გარემოში მისი გაცნობა იმ პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. შინაგანაწესი შესასვლელშია გამოკრული, თუმცა რამდენად იცნობენ მის შინაარსს თანამშრომლები, ამ ეტაპზე ვერ გავარკვიეთ მათი ადგილზე არ ყოფნის გამო.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში შინაგანაწესი ამობეჭდილი აქვთ, თუმცა ხელმძღვანელის განმარტებით, რემონტის მიზეზით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დასრულდა შენახული აქვთ და მის გაკვრას დერეფანში უახლოეს პერიოდში აპირებენ.

“რაც გვიწერია შინაგანაწესში ყველაფერს ვიცავთ. ყველა თავის საქმეს პროფესიულ დონეზე ასრულებს. დიდი სააგენტოა და ყველას ვერ გავაკონტროლებთ, ვინ მოდის სამსახურში და გადის შენობიდან, თუმცა ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველთვის არიან ადგილზე”, – ამბობს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პურიჭამიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციაში 40-მდე თანამშრომელი მუშაობს, თუმცა რადიო “მოზაიკას” მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე 10-მდე პირი იყო. ეს ვითარება პურიჭამიაშვილმა პანდემიით ახსნა და HR-მენეჯერთან გადაგვამისამართა. რომელმაც კომპიუტერის ეკრანზე დოკუმენტები გახსნა და შინაგანაწესის შესრულების დასტურად გასული წლების წერილები გვაჩვენა, სადაც თანამშრომელთა შვებულებები და დათხოვნის ბრძანებები იყო მითითებული. თხოვნაზე, რომ 2020 წლის არჩევნებამდე დაწერილი შვებულებებიც ეჩვენებინა და მათი რაოდენობაც ეთქვა, დაინტერესდა, ამ კითხვას რატომ ვსვამდით და რისთვის გვაინტერესებდა ეს ინფორმაცია.

“რატომ სვამთ ამ კითხვებს, რაში გაინტერესებთ?”.

სააგენტოს პიარის ერთ-ერთი სპეციალისტი კი ამბობს, რომ ის ასრულებს თავის საქმიანობას და იცავს შინაგანაწესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. თუმცა დოკუმენტით გაწერილი კონკრეტული ვალდებულებების დასახელება არ შეუძლია. ამბობს, რომ არ ახსოვს. 

შინაგანაწესის დაცვის აქტიურ მონიტორინგზე საუბრობს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი. გელა კაპანაძე ამის დასტურად 2 თანამშრომლის გათავისუფლებას ასახელებს და ამბობს, რომ სადამსჯელო ღონისძიებას სწორედ შინაგანაწესის დარღვევის გამო მიმართეს – კერძოდ, იმის გამო, რომ თანამშრომლებმა საზღვრის გადაკვეთის შესახებ ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩააყენეს, მათთან შრომითი ურთიერთობა დაასრულეს.

“ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ სამუშაოდ წავიდა ჩვენი 2 თანამშრომელი საზღვარგარეთ, ერთი გასულ წელს და მეორე ახლა, ისე რომ არ გაგვაგებინეს და გავათავისუფლეთ სამსახურიდან”, – აღნიშნა გელა კაპანაძემ.

კითხვაზე თუ როგორ სრულდება შინაგანაწესით გაწერილი ვალდებულებები, კაპანაძე ასე პასუხობს:

“ნორმის ფარგლებში”.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სააგენტოშიც მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილი იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. 

იგივე ვითარება დაგხვდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოშიც, თუმცა მისმა დირექტორმა სიტუაციის უკეთ გაცნობის საშუალება არ მოგვცა. 

“ყველაფერი კანონის ფარგლებში გვაქვს. გთხოვთ დატოვოთ ტერიტორია”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძრვანელმა ლიანა კოვზიაშვილმა.

საკადრო პოლიტიკა და შინაგანაწესი

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების შინაგანაწესში თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი ყველას თითქმის ერთნაირი აქვს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, სპეციალური სერვისების და ტრანსპორტის სააგენტოს შინაგანაწესების მიხედვით, თანამშრომელთა ასაყვანად სააგენტო, დირექტორის გადაწყვეტილებით, აცხადებს საჯარო კონკურსს. შეტყობინება კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე ან დასაქმების შესახებ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე.

“ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატთაგან საუკეთესოს ამოსარჩევად კომისიამ შეიძლება გამოიყენოს გასაუბრების, წერილობითი ან ზეპირი ტესტირების მეთოდები ან სხვა შესაბამისი მეთოდები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სააგენტოებს ასევე გაწერილი აქვთ შრომითი ხელშეკრულებით თანამშრომელთა აყვანის წესი, რომლის მიხედვით, სააგენტოში ფიზიკური პირი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება საჯარო კონკურსის წესით. სააგენტოში ფიზიკური პირი შეიძლება დასაქმდეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის დროს, რადიო “მოზაიკა” სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ადამიანებს ესაუბრა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი სამსახურში კონკურსის წესით არ მიუღიათ.

ამავე თემაზე: გორის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები – ჟურნალისტური გამოძიება

ერთ-ერთი ა(ა)იპ-ი, რომელიც თანამშრომელთა შესარჩევად ღია კონკურსების აცხადებს, გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოა, ბოლო კონკურსი თანამშრომლის ასაყვანად 5 აპრილს მორიგე მომვლელის პოზიციაზე გამოაცხადა.

შინაგანაწესის მიხედვით, თანამშრომელთა შერჩევა ღია კონკურსის წესით უნდა მოხდეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოშიც. ბოლო დროს სააგენტოს არცერთ პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.

“ბოლო პერიოდში, ახალი თანამშრომელი არ მიგვიღია სამსახურში, თუმცა ხშირად გასაუბრების საფუძველზე ხდება ხოლმე. თანამშრომლები, რომლებიც ახლა მუშაობენ ადმინისტრაციაში, მეტი წილი ჩემს დირექტორობამდე მუშაობდა. კონკურსი არ გამოგვიცხადებია ბოლო პერიოდში თანამშრომელთა მისაღებად. ჩვენ თანამშრომლებს ძირითადად საწრთვნელო მიმართლებით ვიყვანთ და აქ გამოცდილების საფუძველზე ხდება ხოლმე შერჩევა, კონკურსის გარეშე”, – გვითხრა სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პურიჭამიაშვილმა.

კიდევ ერთი ა(ა)იპ-ი, რომელსაც შინაგანაწესში გაწერილი აქვს თანამშრომელთა შერჩევა ღია კონკურსის ან კონკურსის გარეშე, არის გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო.

“ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელთა მიიღება ღია კონკურსის საფუძველზე ან კონკურსის გარეშე, თანამშრომლის მიღების წესს ყოველთვის განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის” დირექტორი”, – ნათქვამია სააგენტოს შინაგანაწესში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სააგენტომ მძღოლების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

გორის მუნიციპალური ააიპების ნაწილს,შინაგანაწესში არ აქვთ გაწერილი თანამშრომელათა მიღების წესი, თუმცა საუბარი აქვთ თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების ან/და დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველზე.

“დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ”, – ვკითხულობთ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს შინაგანაწესში, სადაც არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა, ხდება თუ არა კონკურსების გამოცხადება ან/და ვაკანსიების განთავსება ონლაინ-სივრცეში.

აღნიშნულ შინაგანაწესში დასახელებულია მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რაც დასაქმების მსურველმა უნდა წარადგინოს სააგენტოში – წერილობითი განცხადება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ახალი კადრის დანიშვნის ბრძანებაში უნდა მიუთითოს საფუძველი, რის გამოც გადაწყვიტა აღნიშნული პირის დასაქმება.

კეთილმოწყობის სააგენტოს მსგავსად, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსაც არ აქვს შინაგანაწესში გათვლილი, თანამშრომელთა შერჩევის პროცედურები. დოკუმენტში არაფერი წერია იმაზე, რომ უნდა გამოცხადდეს კონკურსი, გავრცელდეს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ და ა.შ

სამსახურში მიღებისას სააგენტომ შესაძლებელია მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი, ავტობიოგრაფია და ჯანმრთელობის ცნობა.

რას უკრძალავენ გორის მუნიციპალიტეტის ()იპები თანამშრომლებს

ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბი “გორის” შინაგანაწესი საინტერესო იმითაა, რომ აღნიშნული დოკუმენტი თანამშრომლებს უკრძალავს, აზარტულ თამაშებსა და ლატარიებში მონაწილეობას. ასევე, სამსახურის იმიჯისშემლახავ საუბრებს ან/და ქმედებას.

“სააგენტოს თანამშრომელს ეკრძალება საჯარო ან პირად საუბრებში სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებით”, – წერია აღნიშნული ორგანიზაციის შინაგანაწესში.

იურისტის შეფასებით, აღნიშნული მუხლი ხარვეზს შეიცავს.

“ხარვეზი ამ შემთხვევაში პირად საუბრებში პრესტიჟის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან კერძო საუბრის დაცულობიდან გამომდინარე, რთულია აქ მტკიცება ფაქტისა ვინ ვისთან რა ისაუბრა. შესაბამისად, არის იმის საფრთხეც, რომ არასასურველი თანამშრომელი ამ საფუძვლით და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლონ”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი.

გორის საფეხბურთო კლუბის მსგავსად, ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნავს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოც.

“თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სამსახურის რეპუტაციას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

“დასაქმებულის მხრიდან დაუშვებელია დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, რომელიც ლახავს დაწესებულების რეპუტაციას”, – მსგავსი შინაარსის პუნქტია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს შინაგანაწესშიც. ზუსტად იგივე, სიტყვა-სიტყვით წერია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტშიც.

ა(ა)იპ სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, თავისი შინაგანაწესით თანამშრომლებს ურეგულირებს, როგორც სამუშაო სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქმედებებს.

“არ დაუშვას სააგენტოს საქმიანობის შემაფერხებელი და მისი ავტორიტეტის,საქმიანი რეპუტაციისა და პრესტიჟის შემლახველი ქმედება, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იმიჯზე, რეპუტაციასა და პრესტიჟზე არაფერი უწერია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს.

“თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც ლახავს სამსახურის საქმიან რეპუტაციას, ღირსებასა და პრესტიჟს”, – ერთი და იგივე ტექსტი უწერია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს, ასევე, სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის , ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს და ტრანსპორტის სააგენტოს.

თანამშრომელთა ჩაცმა, სიგარეტი, ალკოჰოლი და აზარტული თამაშები გორის ა(ა)იპ-ების შინაგანაწესში

გორის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ის შინაგანაწესიდან თანამშრომლელთა ჩაცმულობაზე მხოლოდ ერთი სააგენტო ამახვილებს ყურადღებას.

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შინაგანაწესში წერია ჩაცმის ეტიკეტზე და თანამშრომლის გარეგნული იერზე. დოკუმენტის მიხედვით თანამშრომლებს ეკრძალებათ დახეული ჯინსით ან მოკლე კაბით გამოცხადება სამსახურში.

“სააგენტოს ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ჩაცმულობის საქმიანი სტილი. სააგენტოს თანამშრომელს ეკრძალება, სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს დახეულ ან/და მოკლე შარვლით, გამომწვევი ან უხამს წარწერებიანი (გამოსახულებიანი) პერანგით/მაისურით არასტანდარტული თმის ვარცხნილობით“, – ვკითხულობთ შინაგანაწესში.

რადიო “მოზაიკა“ ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე გადაამოწმა, ესაუბრა იციან თუ არა რა წერია შინაგანაწესში სამოსზე და რამდენად იცავენ ამ წესს. ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ თანამშრომლების უმრავლესობა არ იცნობს შინაგანაწესს და არც ის იცის რას უკრძალავს ან რას უზღუდავს ეს დოკუმენტი მას.

სააგენტოების შინაგანაწესში ასევე საუბარია სიგარეტზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ თრობაზე, ამ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ა(ა)იპის შინაგანაწესი ერთნაირია, რის მიხედვითაც თანამშრომელს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგი პრეპარატების მიღება.

“უკანონოდ არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი და პრეკურსორი, ფსიქოტროპული ნივთიერებები, მისი ანალოგი და ძლიერმოქმედი ნივთიერებები“, – წერია დოკუმენტში.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს შინაგანაწესში არაფერი წერია თამბაქოს ან/და ალკოჰოლის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადად არის მითითებული დასაქმებულის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს შინაგანაწესში ცალკე პუნქტი აქვს მიძღვნილი თანამშრომელთა ჰიგიენას.

“სააგენტოს თანამშრომელმა უნდა დაიცვას შრომის დისციპლინა, ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმები, სანიტარულ-ჰიგიენური წესები”, – სააგენტოს შინაგანაწესით ასევე დარეგულირებული აქვს თამბაქოს მოხმარების წესიც. დოკუმენტის მიხედვით, თანამშრომელმა სიგარეტი მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უნდა მოწიოს.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.