ანალიტიკა / გამოძიება

ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობით და მისი თანმდევი სირთულეები ქალებისთვის

“უბედური შემთხვევის გამო, მივიღე ხერხემლის ორმხრივი ტრავმა და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ამასთან შეგუება”, – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ნანა ლომსაძე, რომელსაც 2000 წლიდან სპეციალური საჭიროების მქონე პირის სტატუსი აქვს.

ნანა პროფესიით ბიოლოგია და ორი შვილი ჰყავს. 20 წელზე მეტია, ეტლით სარგებლობს, თუმცა დღემდე ყველაზე მძიმედ ის წუთები ახენდება, როცა საკუთარი შვილების თვალწინ პირველად მოუწია ეტლში ჩაჯდომა.

“ძალიან რთული იყო ეკონომიკურ პრობლემებთან დამკლავება. მკურნალობა და რეაბილიტაციის პროცესი დიდ ხარჯებს ითხოვდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მე ორი შვილის პასუხისმგებლობაც მეკისრებოდა. და ალბათ ეს იყო სწორედ ის სტიმული, რომელმაც შემაძლებინა, რომ ამ ყველაფერზე გამემარჯვა”, – ამბობს ნანა. 

ნანა ამბობს, რომ ასეთ დროს საზოგადოების მხარდაჭერას განსაკუთრებული მიშვნელობა აქვს.  მას დღემდე ყველა ის ადამიანი ახსოვს, ვინც მასსა და მის შვილებს ეხმარებოდა.

“ჩემი მეუღლე, ნათესავები, ახლობლები, ჩემი შვილების მასწავლებლები – მათ შემიწყეს ხელი, რომ ძალები აღმედგინა. ვიწექი საწოლზე და არ შემეძლო ადგომა. ერთ ადამიანს თავი უნდა დაეჭირა, მეორე წამოდგომაში მომხმარებოდა და სულ მქონდა უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ ამ ადამიანების წყალობით, ესეც დავძლიე”.

ასეთი ისტორია არაერთ ქალს აქვს. ისინი ამბობენ, რომ ეტლით სარგებლობა კიდევ უფრო რთულია მათთვის, რადგან განცდა აქვთ, რომ ოჯახზე ისე ვეღარ ზრუნავენ, როგორც ეს მანამდე წარმოედგინათ.

უბედური შემთხვევის შედეგად, ეტლით სარგებლობა უწევს თინა ბრეგვაძესაც, რომელიც ახლა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელია და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნავს.

„შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იმიტომ ვამახვილებ მეტ ყურადღებას, რომ მათ მეტი პრობლემები აქვთ. თუ მათი პრობლემები მოგვარდება თავისთავად გვარდება სხვა პრობლემებიც“.

თინა ბრეგვაძეს შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე იდეა აქვს:

  • მინდა ჩვენს ქალაქში იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირებისათვის და ბავშვებისათვის, რათა მოხდეს მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია ადგილზე.
  • აუცილებელია გორის სპორტულ სკოლაში გაიხსნას შშმ პირთათვის ფიზიკური განვითარების სპორტული წრეები
  • მინდა გაიხსნას გორში მაღაზია-სალონი, სადაც შშმ პირთა ნამუშევრები გაიყიდება. ამით შშმ პირებს გაუჩნდებათ შემოსავალი და სურვილი იმისა რომ კიდევ მეტი გააკეთონ და სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. 

თინა ბრეგვაძის ცენტრს ნაწილობრივ ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ერთჯერადი წლიურად დახმარებაც აქვს განსაზღვრული, თუმცა ექსპერტები და თავად სპეციალური საჭიროების მქონე ქალები ამბობენ, რომ მხოლოდ მინიმალური ფულადი დახმარებები, მათ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და საჭიროა, სახელმწიფომ მათი განვითარება-გაძლიერებისთვის სტრატეგიული პროგრამები შეიმუშაოს.  

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.