ანალიტიკა / გამოძიება

ვის აწყობს მიშელის შეთანხმების ანულირება 100 დღის შემდეგ – გორელი პოლიტიკოსების შეფასებები

შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელითაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოაცხადა.

პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის თავზე, მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების “ნახევარზე მეტს“ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. სწორედ ამ გარემოებას ასახლებენ მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად და აცხადებენ, რომ დოკუმენტმა “თავი ამოწურა“ და შესაბამისად, ის “ანულირებულია“.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მალევე მოჰყვა გორელი პოლიტიკოსების მხრიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულად მოქმედებენ.

 მისი თქმით, კვლევების მიხედვით, გიორგი გახარიას გუნდი მაღალ რეიტინგს აჩვენებს. პარტიაში “საქართველოსთვის” ფიქრობენ, რომ 19 აპირილის შეთანხმებაზე უარის თქმა, სწორედ არჩევნების არასასურველი შედეგების გამო, აღნიშნულ ორივე პარტიას აწყობდა. 

“მმართველმა პარტიამ გვითხრა, რომ გილოცავთ, რაც მთავრია მელია და რურუა თავისუფალია, რაღა საჭიროა 19 აპრილის შეთანხმებაო?! “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი გვითხრა, რომ ხელი იმიტომ არ მოვაწერეთ დოკუმენტს, რომ მმართველ პარტიას ასე აწყობდა, მიზეზი ჭირდებოდა, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინაო! ორივემ ერთად (ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ) გვითხრეს, რომ კვლევის შედეგები მივიღეთ და გახარიას პარტიის ძალიან გვეშინიაო”, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ფანიაშვილი.  

ვინ არის ლიდერი ამას არა კვლევები, არამედ ოქტომბრის არჩევნების შედეგები აჩვენებს,“-ასე პასუხობს ყოფილ თანაგუნდელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარლენ ნადირაძე.

მისი განმარტებით, ყოველი არჩევნების წინ მსგავსი განცხადებები კეთდება გამარჯვებასთან დაკავშირებით, თუმცა შედეგები ამ მოლოდინებთან შედარებით, განსხვავებულია. რაც შეეხება დოკუმენტის ანულირებას, მარლენ ნადირაძე განმარტავს, რომ კონსესუსზე უარი ოპოზიციამ საკუთარი ქმედებებით თავადვე განაცხადა. 

“ყველა არჩევნების წინ გვესმოდა მსგავსი შეფასებები, თუმცა შედეგები ამტკიცებენ სხვა რამეს. დაველოდოთ მოვლენებს. როგოც ყველამ ვიცით, აღნიშნულ შეთანხმებას, რომელსაც რამდენიმეთვიანი მუშაობა უძღოდა წინ ეფუძნებოდა ერთ მთავარ პრინციპს, ეს იყო კონსესუსი პოლიტიკურ ძალებს შორის. ძალიან მარტივი თემაა კონსესუსის განმარტება. ყველა რაღაცაზე თანხმდება და შეთანხმებულ პირობებს ასრულებს. ცალმხრივი კონსესუსი ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ ასეთ სიტუაციაში თავს რომ ვიტყუებთ, ვიტყუებთ ჩვენს ამომრჩევლებს და საერთაშორისო პარტნიორებსაც. ასეთი გადაწყვეტილება წამოწეული იყო არა “ქართული ოცნების” ახირებით, არამედ იმ ვითარებიდან, რასაც გვთავაზობს მარგინალი პოლიტიკური ძალები მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”,-აღნიშნა მარლენ ნადირაძემ. 

განსხვავებული მოსაზრება აქვთ”ნაციონალურ მოძრაობაში”. შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარე თვლის, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, არჩევნებში დამარცხების მოლოდინს უკავშირდება და შეთანხმების პუნქტების შეუსრულებლობის ოპოზიციისთვის გადაბრალება საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება გახარიას გუნდის წარმომადგენლის განცხადებას, ბასიშვილი თვლის, რომ ყოფილი პრემიერის ამჟამინდელი თანამოაზრეები ბიძინა ივანიშვილის მიერ მიწოდებულ მოსაზრებებს აჟღერებენ და ამით მათთან კავშირის არსებობას უფრო ნათელს ჰფენენ. 

“ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ ყველა კვლევით 25%-იან ნიშნულსაც ვერ გადასცდება. ისინი კვირაში ერთხელ ატარებენ კვლევებს და იციან რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე. საარჩევნოდ მათ ხმების მობილიზებას ვერ შეძლებენ. ამას გახარიას გამოჩენით “ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო მოაკლდა მხარდამჭერები და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არჩევნების გზით არ სურთ ხელისუფლების დათმობა, რაც ძალიან რთულ და მძიმე პროცესებს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება, გახარიას პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმება, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა, არის იმის დასტური, რომ ეს გუნდი იმ მოსაზრებებს აჟღერებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვეთავს”,-აცხადებს ბადრი ბასიშვილი. 

ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებაში მთელი რიგი პუნქტები მიუღებელი იყო, თუმცა ეს მათი მხრიდან ამ ხელშეკრულების ბათილად წარმოჩენას არ ნიშნავდა.

ოპოზიცია მმართველი გუნდის არჩევნებში დამარცხებას პროგნოზირებს, “ქართული ოცნება” კი მზადყოფნას გამოთქვამს 53%-იანი ჩამკეტი მექანიზმიც აამოქმედოს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი, დოკუმენტის ანულირების შემდეგ, მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.