ახალი ამბები

“პური მეპურემ უნდა გამოაცხოს”-გორელების გამოხმაურება ხინჩეგაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენაზე

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი “ქართულმა ოცნებამ” გორის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში მისი კანდიდატურა განიხილებოდა მედიაში რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, თუმცა პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აღნიშნულს არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.  

მოქალაქეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მისნაირი წარმატებული სპორტსმენი პოლიტიკისთვის “ცოდოა” და ურჩევენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა სპორტსმენის საქმე არაა და “პური მეპურემ უნდა გამოაცხოს”. 

გამოხმაურებები სოციალურ ქსელში

მის კანდიდატობაზე მოსაზრებები გამოთქვეს ასევე “ქართული ოცნების” ყოფილმა სახეებმა. 

მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი

“სამწუხაროა, რომ ლადომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოუწევს იპონით დამარცხება არჩევნებში”.

 

ეკატერინე სუხიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე.

“ლადო დიდ სპორტს სჭირდება და ის კიდევ ბევრს იტყვის და გაგვახარებს. იმედია პოლიტიკას სპორტულ კარიერას არ ანაცვალებს”. 

ტარიელ გურგენიძე, მეჯვრისხევის გამგებელი 2012 წელს. 

“როგორ მენანება ეს ღირსეული ბიჭი ამ აქოთებული “ოცნების” გასაფუჭებლად”. 

ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

“ოცნებამ ხომ დააყენა გორის მერობის კანდიდატად ხინჩაგაშვილი თავისუფალი ჭიდაობიდან. ხვალ გახარია დააყენებს ვინმეს ძიუდოდან (გორში ფეხბურთელს ვერ იპოვის), ზეგ კანდელაკი აწეწამს და ეგეც დადგება რამედან თუ ერიდან (რაც ქვია მოკლედ ვასაძის კამპოტს), მერე ნაცებიც დაუმატებენ ვინმე ბასიშვილისეეფს და მანდ ნახეთ ტოტალიზატორს რა კუშები ექნება. აი, ტატამი მანდ იქნება, თუ იქნება, ტოკიოს ოლიმპიადა მიმიქარავს”. 

ინფორმაციისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიამდე ერთი თვეა დარჩენილი. ამ დროისთვის მერობის კანდიდატების ვინაობა ოფიციალურად  მხოლოდ, “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.