ახალი ამბები

საჩივარი გორის მერიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს “ჯრკომ” შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ მითითებული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმე ეხება მზის პანელების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, სადაც ერთადერთი კომპანია, შპს “ვივიდი” მონაწილეობდა.  მომჩივანის განმარტებით, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს. აღნიშნულ არგუმენტს დაეთანხმა დავების საბჭოც.

“დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ეჭვქვეშ დგება მის მიერ შეთავაზებული პროდუქტის (მზის პანელის) ზომების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ზომებთან, შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ უნდა გადასინჯოს 2021 წლის 9 ივლისის სხდომის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება” , – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

საბჭომ ასევე მიუთითა ისიც, რომ გორის მერიის სატენდერო კომისიამ საკმარისი არგუმენტები არ მიუთითა, სანამ კომპანიას “ვივიდი” ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადებდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ტენდერით, მერია მზის პანელებს შეისყიდის, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.