ანალიტიკა / გამოძიება

ქალები და არჩევნები – გორელი პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები

ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას, ხშირად აქცენტი საარჩევნო პროცესებში ქალების ჩართულობის ნაკლებობაზე კეთდება. გორელი პოლიტიკოსი ქალები თანხმდებიან, რომ რაც მეტი ქალი იქნები ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მით მეტად განვითარდება საარჩევნო კულტურა საქართველოში.

“ძლიერ ქალს ჰყავს ძლიერი შვილები, ძლიერი ოჯახი და ასწრებს ყველაფერს”, – ამბობს ეთერ ჯალაღანია, პარტიის “ევროპული საქართველო” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ეთერ ჯალაღანია საუბრობს ფაქტებზე, როცა პოლიტიკაში ჩართვის მსურველი ქალების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა, თუმცა თვლის, რომ გორში ამ კუთხით ვითარება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება.

.

ეთერ ჯალაღანია, “ევროპული საქართველო”

არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამბობენ, რომ ქალს პოლიტიკაში რა უნდა, ის უნდა იჯდეს სახლში და ოჯახს მიხედოს. ძლიერი ქალი ოჯახშიც სამაგალითოა და მის გარეთაც. პოლიტიკა და ოჯახი ერთმანეთს ხელს არ უშლის. ბოლო პერიოდში გორში, გამოსწორდა ამ მხრივ სიტუაცია. იმასაც აღიარებენ, რომ ქალი მეტად ობიექტურად ფიქრობს.

საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს ვასილისა ჯაბახიძეც, გორის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”. ის ამბობს, რომ ხშირად აწყდებოდა დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ მიდგომებს. მისი აზრით, ქალი კანდიდატის ხელშეწყობისთვის პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და მხოლოდ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს.

ვასილისა ჯაბახიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

21 წლის ვიყავი, როცა კენჭს ვიყრიდი და უკვირდათ, ახალგაზრდას რომელსაც არც თუ ისე დიდი გამოცდილება მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა მათთვის სასარგებლო საქმე. ამას ემატებოდა ისიც, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ და ეჭვის თვალით მიყურებდნენ, როგორ გავუმკლავდებოდი ყველაფერს. ჩვენი პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარტიულ სიებში გენდერული თანასწორობა დაიცვა და სიაში ყოველი მომდევნო წევრი ქალი იყო. ამ არჩევნებზეც, 12 მაჟორიტარული ოლქიდან, 6 ქალი მაჟორიტარი იქნება. ყველას უნდა მიეცეს შანსი, მითუმეტეს ქალებს, რომ აქტიურად ჩართონ პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ეს გამოადგება იმ თემს, სადაც ისინი კენჭს იყრიან.

ქალების გაძლიერებისა და საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში არაერთ პროექტს ახორციელებენ. მათი მიზანია არჩევნებში ჩართული ქალების ხელშეწყობა და საზოგადოებაში მათ მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება.

ორგანიზაციის “ქალი და განვითარება” ხელმძღვანელის ფატი ბუხრიკიძის თქმით, პირველ რიგში ქალებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის.

ფატი ბუხრიკიძე, “ქალი და განვითარება”

ქალები არიან საქართველოში ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 54% -მდე, ამიტომ მათ გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ძალაუფლების ეს ინსტრუმენტი, ზუსტად ახლა აქვთ ქალებს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ორგანიზაციას ბევრი აქტივობა აქვს დაგეგმილი ქალების გაძლიერებისთვის – ამომრჩევლებისთვის, კანდიდატებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, თითოეულ ქალს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, მთლიანად დავუგეგმოთ საარჩევნო კამპანია. როგორ უნდა გამოვიდეს ამომრჩეველთან, როგორ უნდა შეძლოს ამომრჩევლების მოზიდვა და შემდეგ ხმების დაცვა

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგინდა სავალდებულო გენდერული კვოტები, რამაც არამარტო პარლამენტში, თვითმმართველობებშიც უნდა გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.