ახალი ამბები

გომელაური: შინდისში დაღუპულმა ბიჭებმა გმირობის ახალი ისტორია დაწერეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

“2008 წლის აგვისტო სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად უმძიმესი იყო. მძიმე იყო ზუსტად ამ რეგიონისთვის, გორისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის და იმ დაკარგული ორასამდე სოფლის მცხოვრებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც თავიანთი მამაპაპისეული სახლები დატოვეს და წამოვიდნენ დევნილებად. დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და დაიღუპნენ ეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ნამდვილად მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს – შეწირეს თავის ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა ნამდვილად ახალი ისტორია – გმირობის ისტორია დაწერეს. დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ნამდვილად ამ გმირების წინაშე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი