ანალიტიკა / გამოძიება

გორელ პოლიციელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ – დისკრიმინაცია თუ დისციპლინური გადაცდომები

გორელ პოლიციელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ბოლო ორ დღეში გორში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ორმა პოლიციელმა გაავრცელა. ორივე მათგანი საკუთარ გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს.

ერთ-ერთი მათგანი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ, მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მისი სიძე კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარია.

თამაზ ჯოხაძე

მეუბნებიან რომ დაწერე განცხადება, რომ პირადი პრობლემების გამო ტოვებ სამსახურს და წადიო. მიზეზის თქმაც არ უნდათ. მე ამას ვუკავშირებ, იმას რომ ჩემი სიძე გია მეზვრიშვილი არის საბანაძის მეგობარია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს, მხოლოდ იმიტომ რომ საბანაძის მეგობარია. ალბათ, ჩემი გაშვებაც ამიტომ უნდათ.


ჯოხაძემ ფეისბუქლაივი ხელმძღვანელების კაბინეტიდან ჩართო და საზოგადოებას აცნობა, რომ გორის საპატრულო პოლიციიდან მიზეზის განუმარტავად უშვებდნენ და განცხადების დაწერას სთხოვდნენ.


მის განცხადებას მოგვიანებით უპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ჯოხაძეს დისციპლინური გადაცდომები ჰქონდა და ამის შესახებ გასაუბრება ჩატარდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.


“მიმ­დი­ნა­რე წლის 11 აგ­ვის­ტოს, გო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრო­მელ­თან, მისი შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბის და უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტარ­და გა­სა­უბ­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პატრულ-ინ­სპექ­ტო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე პატ­რულ-ისნ­პექ­ტო­რი თა­მაზ ჯო­ხა­ძე აგ­რძე­ლებს სამ­სა­ხუ­რეობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მხრი­დან შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­რული გა­დაც­დო­მის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­დე­გე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა”.

კიდევ ერთი გორელი პოლიციელი, რომელიც ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს, გიორგი ნასყიდაშვილია. მისი თქმით, მას ჯერ გორის შს სამმართველოს მერეთის განყოფილების უფროსის თანამდებობა დაატოვებინეს, შემდეგ კი რიგითი პოლიციელის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. ნასყიდაშვილის თქმით, სამსახურიდან გიორგი გახარიას გუნდის წევრის, კოტე ანანიაშვილის ფოტოს გაზიარების გამო გაუშვეს.

გიორგი ნასყიდაშვილი

19-წლიანი გამოცდილება მაქვს და უცებ მითხრეს, რაებს აზიარებ ფეისბუქზეო და გამომიშვეს სამსახურიდან. კოტე ანანიაშვილის ფოტო მქონდა გაზიარებული, რადგან ის ჩვენი უფროსი იყო და კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ალბათ ჩათვალეს, რომ მე გახარიას გუნდის წევრი ვიყავი. არადა, საერთოდ არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.