ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის წარმატება

პარტნიორული მასალა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი ISI ბაზაში მოხვდა. რას ნიშნავს ეს და რატომ არის ეს მიღწევა მნიშვნელოვანია? – ამ საკითხზე რადიო “მოზაიკა” ისტორიის დოქტორს, ნიკო ახალკაცს ესაუბრა.

სამეცნიერო ჟურნალი “ისტორია, არქოლოგია, ეთნოლოგია” რამდენიმე წელია გამოიცემა. ჟურნალის გამოცემის ორგანიზება ნიკო ახალკაცს ეკუთვნის. მისი თქმით, ჟურნალი რამდენიმე წელია გამოდის და საქართველოში ამ მიმართულებით გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია.

ნიკო ახალკაცი, ისტორიის დოქტორი

“ჩვენი ჟურნალი საერთაშორისო ჟურნალების ბაზაში, საერთაშორისო ბიბლიოთეკებშია უკვე ინდექსირებული. ეს ნიშნავს, რომ ეს ჟურნალი მთლიანად არის ბაზების ელექტრონულ სისტემაში და ჩვენი ჟურნალი საძიებო სისტემით იძებნება. “ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია” უკვე მეექვსე ნომერზე ვმუშაობთ, თავიდან გამოიცა 2018-19 წლებში თითო ნომერი. 2020 წლიდან კი დავიწყეთ 2-2 ნომრის გამოცემა. 6 თვეში ერთხელ გამოიცემა თითო ნომერი. ჩვენი ჟურნალი არის ასევე ერთ-ერთ ცნობილ ბაზაში “ევროპის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ბაზა”, ეს არის ყველაზე დიდი ბაზა ჰუმანიტარიისა და სოციოლოგიური მეცნიერებისა ევროპის მასშტაბით”.

სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში მოსახვედრად სხვადასხვა სახის სტანდარტები არსებობს. როგორც ნიკო ახალკაცი ამბობს, გორის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილმა ჟურნალმა ყველა ის ეტაპი გაიარა, რომელიც საერთაშორისო ელექტრონულ ბაზაში მოსახვედრად იყო საჭირო.

პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია ონლაინ – არსებობს ვებგვერდი, რომლის ნახვა გორის უნივერსიტეტის ვებგვერდიდან შეიძლება. ამ დროისთვის გორის უნივერსიტეტის ბაზაზე სამი სამეცნიერო ჟურნალი გამოდის. სამივე მათგანს (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა აქვს.

ჟურნალების მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგებში.

  • ჟურნალში იბეჭდება გამოუქვეყნებელი სამეცნიერო კვლევები შემდეგ დარგებში/ქვედარგებში: პრეისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი და უახლესი ისტორია, ცივილიზაციის ისტორია, რელიგიის ისტორია, სოციალურ-ეკონომიკური ისტორია, დიპლომატიის ისტორია, პოლიტიკური აზრის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ისტორიის ფილოსოფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიული აზრის ისტორია, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, გენეალოგია, ჰერალდიკა, მეტროლოგია, გლიპტიკა, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა, მითოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია.
  • ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, ფორუმის და სიმპოზიუმის ნაშრომები

ინფორმაციისთვის, გორის უნივერსიტეტი საქართველოში სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, სამეცნიერო ჟურნალების რეიტინგის მიხედვით პირველია.

ამჟამად, ნიკო ახალკაცი მუშაობს, რომ სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის მქონე საერთაშორისო ბაზებში სხვა ჟურნალებიც მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანის “ფილოლოგიური კვლევები” კიდევ ორ საერთაშორისო ბაზაში შეტანას უახლოეს მომავალში ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.