ახალი ამბები

ენმ-ს გორის მერობის კანდიდატი: პოლიტიკა ტატამი არ არის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გორში ვასილ მახარაშვილმა, წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება და მისი მერად არჩევის შემთხვევაში სწორედ მათი მდგომარეობის გააუმჯობესებას აპირებს. მისი თქმით, პოლიტიკაში გამოუცდელი პირების მონაწილეობა არასწორია, რადგან მახარაშვილის აზრით, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ასეთ კანდიდატებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ. მახარაშვილი გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეორნეობის სფეროს განვითარებასაც გეგმავს.

“ჩვენ მხარს გვიჭერს გორში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც ამოუვიდა ყელში ყოველდღიურად ძალიან მძიმე ცხოვრება, რაც არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკა ტატამი არ არის. მოჭიდავეებმა უნდა გააგრძელონ თავისი პროფესია ტატამზე. მე როგორც რიგითი გორელი მოქალაქე, უფლება არ მაქვს ყური მოვიყრუო და სადღაც ჩრდილში გავდგე. დღეს მართლა დადგა საკითხი, რომ ან გადავრჩებით ან არა. ყველა ვხედავთ, როგორ იტაცებენ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ყოველდღიურად ჩვენს თანამმოქალაქეებს რუსი ოკუპანტები. დროა, ეს ყველაფერი დამთავრდეს. უნდა შეიცვალოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გლეხების მიმართაც. ხშირ შემთხვევაში გლეხები მოწეულ მოსავალს ვერ ყიდიან. ან ყიდიან ძალიან დაბალ ფასად და ეს სფეროც მისახედია”,-აღნიშნა ვასილ მახარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი