ანალიტიკა / გამოძიება

სექსუალური შევიწროების შემთხვევები გოგონების მიმართ და დამცავი მექანიზმები

რას ნიშნავს სექსუალურად შევიწროება? რამდენად აცნობიერებენ გოგონები შევიწროების ამ ფორმას და როგორია დამცავი მექანიზმები? – ამ საკითხებზე ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, თუმცა ამ კუთხით მაინც ბევრი პრობლემა არსებობს.

ლიკა მელანაშვილი ფიქრობს, რომ მის თანატოლებს ამ საკითხზე ინფორმაცია მეტნაკლებად აქვთ. ასევე იციან, როგორ უნდა დაიცვან თავი სექსუალური შევიწროვების დროს, თუმცა გოგონების ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ასეთი შემთხვევების დროს არ იციან, როგორ მოიქცნენ.

ლიკა მელანაშვილი, სტუდენტი

პირადად მე, ასეთი შემთხვევა არ მქონია. თუმცა ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს, გამომუშავებული მაქვს თავდაცვის ინსტიქტიც და ვიცი, ვის უნდა მივმართო. უფროს თაობას ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია და მსგავსი ფაქტის გადახდენის შემთხვევაში, ამაზე არ საუბრობდნენ, რადგან მაშინ ეს სირცხვილად ითვლებოდა. დღეს, ამ თემებზე საუბარი სასირცხვილო აღარ არის და არავის უნდა მოერიდოს, რადგან ჩვენ გვიცავს კანონი. შეგვიძლია დავრეკოთ 112 -ში, მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას და ასე შემდეგ.

სექსულურად შევიწროვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირებული საკითხია, განსხვავებით სხვა სექსუალური დანაშაულებისა, რომლებიც ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხებზე საუბრისას ხაზს უსვამენ სექსუალურად შევიწროვებისა და სექსულური ძალადობას შორის განსხვავებას.

მარიამ თედლიაშვილი, კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი

კანომდებლობის მიხედვით, სექსუალურად შევიწროება გაცილებით მსუბუქი დანაშაულია, განსხავებით სექსუალური დანაშაულებებისგან. ტერმინი “სექსუალურად შევიწროება” ნიშნავს არასასურველ სექსუალურ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია პირის ღირსების შელახვა. ის შეიძლება გამოხატული იყოს სიტყვიერი/ვერბალური, ისე ფიზიკური ფორმებით. სიტყვიერი შეიძლება იყოს, გარეგნობაზე ხაზგასმა, ჩაცმულობაზე, სექსუალური ხასიათის კომენტარი. შეიძლება იყოს აშკარად სექსუალური მასალის ჩვენება – ეს შეიძლება იყოს გენიტალიების ჩვენება, მიუღებელი ჟესტიკულაცია, სტვენა და ასე შემდეგ. ფიზიკური შეიძლება იყოს, არასასურველი კოცნა, ჩქმეტა და სამსახურთან მიმართებაში წახალისება, რაიმე ქმედების სანაცვლოდ.

სექსუალური შევიწროების საკითხი რამდენიმე წელია, რაც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცა. 2019 წელს საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც განსაზღვრა, რა არის სექსუალური შევიწროება.

რა მექანიზმები არსებობს და როგორ შეუძლია ქალს თავი დაიცვას ამგვარი ქმედეებისგან?

ქეთი ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა გორის ოფისის ხელმძღვანელი

ქალს აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ამაზე რეაგირება. ორი მექანიზმი არსებობს: მიმართოს სახალხო დამცველს და მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევას ვხედავთ, როცა შრომითი ურთიერთობების დროს აქვს ადგილი სექსუალურად შევიწროების ფაქტებს, რიდესაც დამქირავებელი ავიწროებს დაქირავებულს. ხშირად, დაქირავებულს არ სურს ამაზე საუბარი, ან თუ საუბრობს, არ უნდა სამართლებრივად დავა, რათა არ დაკარგოს სამუშაო ადგილი.

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონში ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსაც, სადაც ნათლად ჩაიწერა, რომ დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.