ბლოგები

მინდა, ახალგაზრდებს უხაროდეთ სოფელში არდადეგების გატარება



ავტორი: გვანცა მაჭარაშვილი

ზაფხულის არდადეგების ნაწილს მეჯვრისხევში ვატარებ – სოფელში, რომელსაც მშვენიერი ბუნებით და სუფთა ჰაერით თავის მოწონება თამამად შეუძლია.

როდესაც აქ ჩამოვედი, პატარა სკვერი დამხვდა მოწყობილი, რომელსაც ვიცი, რომ ბავშვები დიდხანს და მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა მხოლოდ მისი მოწყობა საკმარისი არ აღმოჩნდა – სკვერი მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, სასრიალოთი და რამდენიმე სკამით. დანარჩენი ახალგაზრდობა კი კვლავ თავშეყრის კომფორტული სივცრის გარეშეა. არადა, როცა სოფელში ჩამოვდივარ, სულ გარეთ მიმიწევს გული – ჩემი თანატოლების ნახვა მინდა, მათთან საუბარი და გართობის მიზნით, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არდადეგებს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვაი დატვირთვა აქვს – ეს არის პერიოდი, როდესაც განვლილ წელს აჯამებ და ახალი წლისთვის ემზადები. ამ დროს გაქვს საშუალება მეტი დრო დაუთმო საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ფიქრს. შთაბეჭდილებები გაუზიარო სხვებს და მათთან ერთად, თავს განტვირთვის და გართობის უფლება მისცე.

მე პირადად, ზაფხულში დიდ დროს ვატარებ ბავშვობის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. შემიძლია, თავისუფალ დროს ის ვაკეთო, რისი სურვილიც მექნება, თანაც შეუზრუდავი დროით. ამიტომ მიყვარს ეს პერიოდი.

მეჯვრისხევში კი დღემდე ბევრი პრობლემაა, რაც აქ დასვენებას ნაკლებად მიმზიდველს და კომფორტულს ხდის ახალგაზრდებისთვის – აქ არ არსებობს არც შემოქმედებითი ადგილები, როგორიცაა, კინოთეატრი, გასართობი ცენტრები თუ სწრაფი კვების ობიექტები. სოფელში არსებობს მრავალი მიტოვებული შენობა, რომლებიც ძალიან უსიცოცხლო იერს სძენს სოფელს და ჩემი აზრით, მარტივად შესაძლებელია, რომ მათ ახალგაზრდებისთვის საჭირო და საინტერესო დატვირთვა მიენიჭოთ – გარემონტდეს, აღიჭურვოს მინიმალური ტექნიკით, რაც ახალგაზრდებს კინო-ჩვენებების და დისკუსიების მოწყობის საშუალებას მოგვემდა.

არანაკლები პრობლემაა ისიც, რომ სოფელში ამჟამად შეუძლებელია ინტერნეტის შეყვანა – ვინც ადრე ვერ მოახერხა ჩართვა, ახლა ტელეფონის იმედად არიან, სადაც ძვირი და დაბალი სიხშირის ინეტრნეტია. 

იქ, სადაც ჩემი სახლია და კიდევ ბევრ უბანში გზებიც მოუწესრიგებელია – წვიმიან ამინდში პრაქტიკულად გეკარგება ადამიანს გარეთ გასვლის სურვილი.

ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ სოფელში არაფერია – გვაქვს სტადიონი, რამდენიმე ქსელური მაღაზია, პოლიციის შენობა, იუსტიციის სახლი და არაერთი ისტორიული შენობა, მათ შორის ერისთავების ახლადრეაბილიტირებული კოშკი. უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ადგილზე ცხოვრების ტემპის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ არის.

ახლა, როცა არდადეგები მთავრდება, უკვე მომავალ ზაფხულზე მეფიქრება – დღეიდანვე  დიდი სიამოვნებით დავაწყობდი მომავალი ზაფხულის გეგმებს. უბრალოდ პანდემიის გამო, რთულია რაიმეს დაგეგმვა – ჩემთან ყველამ გაიკეთა ვაქცინა და იმედია, ჯანმრთელად ვიქნებით და მომავალი ზაფხული ბევრად ლაღი და ხალისიანი იქნება.

ვისურვებდი, პანდემიის დამარცხების პარალელურად, სოფელშიც შეცვლილიყო რაღაცები – სულ მცირე მოწყობილიყო თავშეყრის სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვესტუმრებოდი. მინდა,  ხმამაღლა წავიკითხოთ წიგნები და ვუყუროთ ფილმებს; მოვაწყოთ დისკუსიები და ვისაუბროთ შთაბეჭდილებებზე.

სოფელს თავისი ხიბლი ყოველთვის აქვს – ულამაზეს ხედებს და სუფთა ჰაერს რომ თავი დავანებოთ, აქ სხვანაირი სითბოთი და სიხარულით ხვდებიან ქალაქიდან ჩამოსულ სტუმარს.

დატოვეთ კომენტარი