ახალი ამბები

ქაცარავა: ოკუპანტებმა გამყოფი ხაზი გადმოკვეთეს და სობისიდან ადგილობრივების გატაცება სცადეს 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგ პროვოკაციაზე ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, სობისიდან ოკუპანტებმა ადგილობრივების გატაცება სცადეს.

ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ადგილობრივებს დაედევნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

“გუშინ, 29 აგვისტოს, სოფელ სობისის მინდვრებში ადგილობრივი მაცხოვრებლები გასულები იყვნენ სანადიროდ ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ.ისინი გადაადგილდებოდნენ ჩვენს “კონტროლირებად” ტერიტორიაზე, როდესაც რამდენიმე კილომეტრში მდებარე წინაგარის საოკუპაციო ბაზიდან მათ გასატაცებლად დაიძრა ოკუპანტების მანქანა. ოკუპანტებმა გადმოკვეთეს მათ მიერვე დაწესებული ოკუპაციის ხაზი და დაედევნენ ახალგაზრდებს დასაჭერად. საბედნიეროდ, მონადირეებმა მოახერხეს და დაუსხლტდნენ ოკუპანტებს, რომლებიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მეტრით შემოიჭრნენ”, – წერს ქაცარავა. 

შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მისი თქმით ოკუპანტები მანქანით დაედევნენ.

“ვნადირობდით მე და ჩემი მეგობარი, რა დროსაც დავინახეთ რუსი ოკუპანტები ჩვენი მიმართულებით წამოვიდნენ მანქანით. სულ 6 ადამიანი იყო. როგორც კი გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი, მაშინვე გავიქცით და ისინიც დაგვედევნენ. დაახლოებით, 5 წუთი მდიეს, გვიყვიროდნენ, იგინებოდნენ. როცა სოფელს მოვუახლოვდით, დევნა შეწყვიტეს და უკან დაბრუნდნენ”, – ამბობს სობისში მცხოვრები ვანიკო მარეხაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები