ანალიტიკა / გამოძიება

52 შეხვედრა ორ კვირაში – რა პრობლემებს ხედავს ხინჩეგაშვილი გორში

გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე მოსახლეობასთან 52 შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ხინჩეგაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. კანდიდატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა შეხვედრების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება 18 აგვისტოდან დაიწყეს.

ფეისბუქ-გვერდის მიხედვით, პირველი შეხვედრა ხინჩეგაშვილს ატენის, ბოშურის და ლევიტანას მოსახლეობასთან ჰქონდა. სოციალურ ქსელში ხინჩეგაშვილის შეხვედრების შესახებ, ფოტომასალასთან ერთად, ტექსტიც ვრცელდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ტექსტი პირველ პირში, ხინჩეგაშვილის სახელით არის დაწერილი.

ინფრასტრუქტურული პრობლემები, გზები, განათებები , სასმელი წყლის პრობლემა – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც ხინჩეგაშვილის აზრით, გორის სოფლების მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ ხინჩეგაშვილის იმ შეხვედრების ქრონოლოგიას, სადაც მან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

Aug 2021

31 აგვისტო – თერგვისი, ტირძნისი, ბროწლეთი, ერგნეთი, მეღვრეკისი:

"სამწუხაროა, როდესაც მოსახლეობას დღემდე სასმელი წყლისა და გზის პრობლემა აწუხებს. ყოფით პრობლემებს კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება"

Aug 2021

30 აგვისტო – მარანა , ტყვიავი, ქერე, ფლავი, ფლავისმანი:

"პრიორიტეტულ პრობლემებად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა დასახელდა"

Aug 2021

25 აგვისტო: ახრისი, ციცაგიაანთკარი, ახალუბანი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, აძვი :

"ადგილობრივების განცხადებით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაცია ხდება. აუცილებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამყოფი ხაზის მიმდებარედ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც უშუალოდ ახალგაზრდა თაობაზე მორგებული იქნება. მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკის გზით უნდა დავუპირისპირდეთ ოკუპაციასა და ამ უკანონო პროცესის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს"

Aug 2021

24 აგვისტო – კვარხეთი, ზერტი, მეჯვრისხევი:

"სოფლის მოსახლეობისთვის ერთერთ უმთავრეს გამოწვევად მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია რჩება. ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტში სტაბილური სარეალიზაციო ბაზრები არ არსებობს, რის გამოც, გადამყიდველებისთვის უწევთ პროდუქციის ჩაბარება. ამგვარ სავაჭრო პროცესში კი მათი სარგებელი მინიმალური ხდება. ვფიქრობ, ეს პრობლება არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დგას, ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობას პროდუქციის ალტერნატიული სარეალიზაციო ბაზრები შევთავაზოთ"

Aug 2021

23 აგვისტო – კარალეთის კომპაქტური დასახლება:

"არის რიგი პრობლემები , რომელთა მოგვარების ბერკეტი ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია , თუმცა თვითმმართველობა ვალდებულია მედიატორობა გასწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთიანი მუშაობითა და თანამშრომლობით კი შევძლებთ ყველა პრობლების დროულად მოგვარებას"

Aug 2021

20 აგვისტო – მერეთი, კოშკა, კარბი, გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი:

"ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, მაქსიმალურად ვეცდები ამ სოფლებში შევქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები რათა არცერთმა მოსახლემ აღარ იფიქროს სოფლის დატოვებაზე"

Aug 2021

18 აგვისტო – შეხვედრა ატენის, ბოშურის და ლევიტანას მოსახლეობასთან:

"შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც , რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს"

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.