ანალიტიკა / გამოძიება

ვინ არიან პარტიული სიების პირველი ნომრები გორში  

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიები წარადგინეს. 

გორიდან პარტიული სია 12-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წარადგინა. 

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

დავით რაზმაძე

სიის პირველი ნომერი დავით რაზმაძეა. რაზმაძე არჩევნებში გამარჯვეების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას მესამედ დაიკავებს. ის  მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრია და აქედან მეორედ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ.  იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეც. არის ჭალა-სადგურის მაჟორიტარი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 

ბექა ქორჩილავა

პარტიამ სიის პირველ ნომრად საკრებულოს მოქმედი წევრი, ბექა ქორჩილავა წარადგინა. ის საკრებულოში 2017 წლიდანაა, 2019 წლამდე იკავებდა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაბა” თავმჯდომარის პოზიციას. 

“ევროპული საქართველო” 

ვახტანგ მარწყვიშვილი

პარტიის სიის პირველი ნომერი ვახტანგ მარწყვიშვილია. ის პარტიის “ევროპული საქართველო” წევრი და მერობის კანდიდატის, ეთერ ჯალაღანიას შვილია. 

“მესამე ძალა” 

ზურაბ ენუქიძე

პარტიამ “სტრატეგია -აღმაშენებელი” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეცვლილი სახელით გადაწყვიტა. გორში სიის პირველი ნომერი ზურაბ ენუქიძეა.  

“გახარია-საქართველოსთვის”  

მერაბ გოხელაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” გორში პარტიული სიის პირველ ნომრად მერაბ გოხელაშვილი წარადგინა. ის კასპის პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელი იყო. ერთი თვის წინ კი თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. 

 

“გირჩი-მეტი თავისუფლება” 

ლაშა ჯიოშვილი

სიის პირველი ნომერი ლაშა ჯიოშვილია. წარსულში ის პარტიის “თავისუფალი დემოკრატები” წევრი იყო. 2013 წელს იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 

“თავისუფალი საქართველო” 

ნანა აღორძინება

კახა კუკავას პარტიამ გორში, სიის პირველ ნომრად ნანა აღორძინება დაასახელა. ის ამ პარტიის სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2017 წელს საკრებულოს წევრობაზე იყრიდა კენჭს. 

“ლელო” 

პაპუნა კობერიძე

პარტიის სიის პირველი ნომერი პაპუნა კობერიძეა. ის გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2016 წელს, ის თანამდებობიდან იმპინჩმენტის წესით გადააყენეს. 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო “შენების მოძრაობიდან”, შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელა საკრებულოში მოღვაწეობა. ის ასევე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო”. 

“ლეიბორისტული პარტია” 

თამაზ ხუციშვილი

თამაზ ხუციშვილი ლეიბორიტული პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მას პარტიისთვის 2017 წელს 50 ლარი აქვს შეწირული. გასულ წელს ის სამართალდამცავებმა საკუთარი სახლის წინ დააკავეს და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს ბრალად. სასამართლომ თამაზ ხუციშვილი გააფრთხილა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

“გირჩი” – გიორგი ბერკაცაშვილი

“ვადამდელი არჩევნები-ერთიანი საქართველო” – ივანე მაჭარაშვილი

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი”  – დავით საჯაბაშვილი

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებია. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.