ბლოგები

ქაოსი ჩვენ გარშემო – რას ვიღებთ სუსტი თვითმმართველობისგან?



ავტორი: მიშა ჩიტაძე

გორის ერთ-ერთ ცენტრალურ – ჭავჭავაძის ქუჩაზე გავლა, დიდი ხანია ფეხით მოსიარულეთათვის დაკვირვებას, სიფრთხილესა და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვს: ტროტუარის დიდი ნაწილი, ავტოსადგომების ჩათვლით, გარე მოვაჭრეებსა და მათ კლიენტებს აქვთ დაკავებული. ზოგი პირდაპირ მანქანიდან ყიდის საქონელს.

მიუხედავად გარე ვაჭრობასთან არაერთხელ გამოცხადებული დაუნდობელი ომისა, პერიოდული რეიდებისა და გაწევ-გამოწევისა, სიტუაცია უცვლელია და შეიძლება ითქვას, დღითიდღე უარესდება. ქართლის ქუჩაზე იქამდეც კი მივიდნენ, რომ შუა ქუჩაში დახლმაცივარი დაამონტაჟეს, მზის გულზე ხორცის გასაყიდად; ტროტუარები და მანქანის სადგომები საერთოდ ხელმიუწვდომელი რომაა ფეხით მოსიარულე რიგითი მოკვდავისთვის, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

ასეთ სიტუაციას ბევრი უარყოფითი შედეგი რომ აქვს, ალბათ, დიდი მტკიცება არ სჭირდება, კანონმორჩილ მოვაჭრეებს პირდაპირ ცხვირწინ რომ აცლიან კლიენტებს გარე მოვაჭრეები, რომლებსაც არც მაღაზიის ქირა აქვთ გადასახდელი, არც თანამშრომლის ხელფასი, არც გადასახადები და ალბათ, არც სურსათის უვნებლობის ზედამხედველობა აწუხებთ მაინცდამაინც, ეს ერთია, მაგრამ აქ არამხოლოდ ვაჭრების და ბიუჯეტის ინტერესები ზარალდება: ქალაქი ბინძურდება, წუხდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ფერხდება მოძრაობა და იქმნება საცობები.  და ეს ყველაფერი ხდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რაც საბოლოოდ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

ახლა ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ ჩემი აზრით რა არის ამ ყველაფრის მიზეზი: – რა თქმა უნდა თვითმმართველობის გაუმართავი მუშაობა!

ბევრი იტყვის – თანამშრომლები კორუმპირებული არიან, დიდ ფულს აკეთებენ და მფარველობენ მოვაჭრეებსო.  არც შევეკამათები – ალბათ არც უმაგისობაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ კორუფცია იქ იკიდებს ფეხს, სადაც სისტემა ამის საშუალებას აძლევს ჩინოვნიკებს.

ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზოთიტუაცია: ვინ არიან ისინი, ვინც მოგებას იღებს ამ ვაკჰანალიით და ვინ ზარალდება, ვინ უნდა მართოს სიტუაცია და რატომ არაფერს აკეთებს.

სიტუაციის მთავარი მონაწილეები მყიდველ – გამყიდველები არიან. ორივე მხარის უდიდესი უმრავლესობა დაახლოებით 80% არა ადგილობრივი მცხოვრებია – ე.ი. ჩამოვიდა ქალაქში, ივაჭრა (გაყიდა ან იყიდა) და წავიდა. შესაბამისად, ამ კატეგორიიდან შემოსავალს მხოლოდ ადგილობრივ მოვაჭრეთა 20% იღებს. დაზარალებულია ადგილობრივი ოფიციალური მაღაზიები, ზემოთ თქმული მიზეზების გამო. იგივე მუნიციპალიტეტიც დაზარალებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების მხრივ ასეთი ვაჭრობა საერთოდ არ აინტერესებს, მაინც იზრდება დასუფთავების ხარჯები. ფაქტიურად, არაფერს იგებს ამ ადგილებზე მცხოვრები მოსახლეობაც, რომლებიც ფართის გაქირავებით იღებს შემოსავალს.  

გამოდის,  რომ ვერც მოსახლეობა და ვერც ადგილობრივი ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობიდან მაინცდამაინც დიდ სარგებელს ვერ იღებს. მაშინ, რატომ ვერ ხერხდება პრობლემის სრულფასოვანი გადაწყვეტა?

მერიას, გარდა ამ საკითხში ფაქტიურად უუფლებო ზედამხედველობის სამსახურისა, არანაირი საკუთარი ძალა არ გააჩნია, რომ წინ აღუდგეს ამ დარღვევებს. ასევე არანაირი პირდაპირი გავლება არ გააჩნია პოლიციაზეც, რომლის მრისხანება პერიოდულად რეიდებსა და გარე მოვაჭრეთა აყრაში გამოიხატება ხოლმე და მხოლოდ 2-3 დღიანი ეფექტი აქვს.

გარდა იმისა, რომ მერიას უფლებები არ აქვს, არც მაინცდამაინც დიდად არაა მოტივირებული მოაგვაროს პრობლემა. პირველ რიგში შეწუხებული საკრებულო უნდა იყოს, რადგან სწორედ აქ არის  შეკრებილი ხალხის ყველაზე მეტი რჩეული, მაგრამ რომელი ხალხის? საკრებულოში პრობლემით შეწუხებულ ქალაქის მოსახლეობას დღეს მხოლოდ 5 დეპუტატი წარმოადგენს 30-დან და ამ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები იქნება.  პარტიების დეპუტატებისთვის საინტერესო არა ადგილობრივ მოსახლეთა პრობლემების მოგვარება, არამედ მათთვის პარტიული ინტერესები და შესაბამისად ხალხის ფართო მასების მომადლიერებაა აქტუალური. დაახლოებით ასეთივე პოზიციაშია მერიც, რომელიც გარდა პარტიული ზეწოლისა, წარმოადგენს სრულ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობის სრული უმრავლესობის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

ამდენად არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს თვითმმართველობის თანამშრომლების კეთილსინდისიერებას და პატიოსნებას. ასეთი სისტემური ხარვეზის გამო პრობლემა კონტექსტშივე მოუგვარებელია და ეს ყველაფერი მოგვიტანა მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციონალისტის ირაკლი კობახიძის თაოსნობით გატარებულმა მუნიციპალიტეტების გაერთიანების კონტრრეფორმამ.

ახლა სნობ ქალაქელობაში რომ არ ჩამომართვათ, ორიოდ სიტყვას ვიტყვი  სოფლების თაობაზეც. ახლა გადავხედე რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 20-21 წლებში გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს, საიდანაც გაირკვა, რომ ქალაქ გორის სამ პროექტზე დახარჯეს 14 654 018 ლარი, ხოლო დანარჩენ 100 დასახლებულ პუნქტზე 5 პროექტი დაფინანსდა ჯამური ღირებულებით 14 987 659 ლარი. არ დავივიწყოთ, რომ მოსახლეობა სოფლებში თითქმის 2-ჯერ მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურა ბევრჯერ უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ქალაქში.

ანალოგიური გაანგარიშება თავად გორის მუნიციპალიტეტის ხარჯებზეც მაინტერესებდა, მაგრამ ვერ შევძელი: ვებგვერდი გათიშულია, როგორც გავარკვიე, გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, სწრაფად ვერ მივიღე ინფორმაცია, თუმცა, ვეჭვობ, ასეთი ინფორმაცია შეიძლება არც ყოფილიყო გამოქვეყნებული.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ქალაქების და სასოფლო მუნიციპალიტეტების გაერთიანებით მოგებული ბევრი ვერავინ დარჩა, გარდა რამდენიმე პოლიტიკოსის ამბიციისა. რა თქმა უნდა, არ ვამბობ რომ ცალკე ყოფნა ააყვავებდა სოფელსაც და ქალაქსაც (ამას ბევრი სხვა რამეც სჭირდება), მაგრამ პრობლემების სულ მცირე ნაწილს მაინც შეამსუბუქებდა. დღეს შევეცადე ამ ორი ასპექტით ამეხსნა თუ რა უარყოფითი შედეგი მოგვიტანა გაერთიანებამ. სამწუხაროდ სხვაც ძალიან ბევრია, მათზე სხვა დროს ვილაპარაკებ.

დატოვეთ კომენტარი