ახალი ამბები

გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ

პარტია “საქართველოსთვის” წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა გაავრცელეს, უსაფუძვლოა. მისი თქმით, გასარკვევია რა მიზანს ემსახურება ამგვარი დოკუმენტების გასაჯაროება. მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, პოლიციაში გამოკითხვაზე მივა, ხოლო უსაფუძვლო ბრალდებებზე ხალხს თავისი რეაქცია და პასუხი ექნება ხელისუფლებისადმი.

“გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ, ავთენტურია თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა. ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მსგავსი ფორმებით ბრძოლა ვინმესთან და მით უმეტეს, ეკლესიასთან. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს – ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ და ამის შემდეგაც მოვისმენთ. ერთი რამის თქმა შეიძლება – უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა გიორგი გახარიას გუნდის წევრები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ,12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები. პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.