ანალიტიკა / გამოძიება

ღარიბაშვილის “უწყვეტი მშვიდობა” – ოკუპაციის 500 კმ-იანი ხაზისა და 2430 გატაცებულის ფონზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ვიზიტისას “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, დღევანდელმა მმართველმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრება შეძლო. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 30 წელში “ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც საქართველოში უწყვეტად მშვიდობა შეინარჩუნა.

“რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლეს ისტორიაში, შეძლო გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მოტანა ქვეყანისთვის და ჩვენი ხალხისთვის. არცერთი მეგობრებო, ეს არის “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ჩვენ ყველამ და მითუმეტეს გორელებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, რა შემთხვევები დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზთან “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში და რამდენად შეესაბამება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არსებულ რეალობას.

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა. შესაბამისად, მიმოხილული ფაქტები 2013 წლიდან 2021 წლის პერიოდს მოიცავს.

ბორდერიზაცია

ე.წ. ბორდერიზაციამ ყველაზე მასშტაბური სახე სწორედ 2013 წლიდან მიიღო. ამ  წლის დასაწყისში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების მეშვეობით ტერიტორიის გაყოფის პირველი მაგალითი გორის მუნიციპალიტეტში, მერეთსა და ქსუისში დაფიქსირდა, საოკუპაციო ხაზის  სიგრძემ ამ დროს დაახლოებით 4 კმ შეადგინა.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ვერც პანდემიამ შეაჩერა და ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზის მთლიანი სიგრძე 500 კმ-ს შეადგენს. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.

ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 353 კმ-ია. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის ხელოვნური ბარიერი დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგის, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება“,-წერია სუსის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

უკანონო დაკავებები

რუსული საოკუპაციო ძალები და რუსეთის მხარდაჭერილი რეჟიმები, 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს უკანონოდ აკავებენ და ჰექტრობით მიწის ფართობს იკავებენ. ეს პროცესი ამ დრომდე უწყვეტად მიდინარეობს. 2013 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ჯამში აფხაზეთისა და ცხინვალის მიმრთულებით, უკანონოდ დაკავების 2430 შემთხვევა დაფიქსირდა.

საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებების სტატისტიკა 2013-2021(აგვისტომდე) წლებში:

წყარო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავების 2430 შემთხვევა გამოვლინდა, საოკუპაციო ხაზის სიგრძემ 500 კმ შეადგინა, ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები კი 100 მკ – ზე მეტ სიგრძეზეა განთავსებული.

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში “ქართული ოცნების” როლზე გასულ წელს, გორი-კასპის მაჟორიტრობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილიც საუბრობდა, თუმცა აღნიშნული განცხადებების რეალობასთან კავშირზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას განსხვავებული შეხედულებები აქვს; რადგან კონფლიქტის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, მოქალაქეები საკუთარ მიწის ფართობებს ყოველდღიურად კარგავენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.