ახალი ამბები

ხინჩეგაშვილს 3-წუთიან გამოსვლაში ტაშით 8-ჯერ შეაწყვეტინეს საუბარი

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოფიციალური წარდგენა გაიმართა.

45-წუთიანი ღონისძიებიდან ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მხოლოდ 3-წუთიანი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. ყველაზე მეტი – 15 წუთი პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართვა ზუსტად 2 წუთი და 30 წამი გაგრძელდა, ამ პერიოდში თანაგუნდელებმა მას ტაშით საუბარი 8-ჯერ შეაწყვეტინეს. ხინჩეგაშვილმა წარადგინა პროპორციული სიის წევრები და მაჟორიტარი კანდიდატებიც.

“ცხოვრების ყველა ეტაპზე სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის სიამაყით ვამბობდი რომ გორელი ვარ, ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებდი იმას, რაც ამ ქალაქმა მომცა და ვცდილობდი აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამემხნევებინა და გამეხარებინა” ,  – ასე დაიწყო მიმართვა ხინჩეგაშვილმა.

მან მერობის კანდიდატად დასახელებისთვის და “გამოცხადებული ნდობისთვის” განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.