ანალიტიკა / გამოძიება

საბავშვო ბაღებისთვის ხორცის შესყიდვა ვერ მოესწრო – რატომ გადაიდო სწავლა გორში

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის თარიღი რამდენჯერმე შეცვალა. ბოლო ინფორმაციით, საბავშვო ბაღები ქალაქის მასშტაბით, მუშაობას 6 ოქტომბრიდან განაახლებენ. ხოლო სოფლად – ეტაპობრივად.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, შეფერხების მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები იყო.

“გაზთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, კერძოდ, ზოგიერთ ბაღში რეკომენდირებული არ იყო იმ გათბობის საშუალებების მოხმარება, რაც გვქონდა და მათი შეცვლა გახდა საჭირო. ქალაქის ბაღებში ხვალიდან განახლდება სწავლა, სოფლებში კი ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში,” აცხადებს მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

არჩევნების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი ქვეყნის მასშტაბით, უმრავლეს საბავშვო ბაღებში განახლდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგნტოც თავდაპირველად განმარტავდა, რომ ყველაფერი მზად იყო (3 საბავშვო ბაღის გარდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს) და აღსაზრდელების მიღებას სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, გორშიც 4 ოქტომბრიდან დაიწყებდენ. მოგვიანებით კი სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით იმ ბაღებში, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სწავლა 5 ოქტომბრიდან განახლდებოდა, 4 ოქტომბრის საღამოს გამოქვეყნებული ახალი ინფორმაციის თანახმად კი სასწავლო პროცესი 5 ოქტომბრიდან ყველა საბავშვო ბაღში ერთად უნდა განახლებულიყო. მუშაობის დაწყება გორის საბავშვო ბაღებმა ვერც დღეიდან შეძლეს. სააგენტომ წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციები სწავლის დაწყების თარიღების ცვლილებაზე წაშალა, ამჯერად კი ახალ მიზეზად ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.



რადიო “მოზაიკა” გაზის კომპანიასაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მათი მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გორის საბავშვო ბაღებზე არ ფიქსირდებოდა. პარალელურად, ზოგიერთმა საბავშვო ბაღმა სწავლის გადადება სხვა მიზეზებით ახსნა.

გაუკრვეველმა ვითარებამ მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი სააგენტოსგან კონკრეტულ განმარტებებს ითხოვს. მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან კითხვები აქვს “მოზაიკასაც,” თუმცა ლია კოვზიაშვილი გორის სათემო რადიოს ზარებს მას შემდეგ აღარ პასუხობს, რაც 4 ოქოტომბრისთვის სწავლის დაწყება დააანონსა და ამისთვის მზაობაც დააფიქსირა.

რადიო “მოზაიკას” აინტერესებს:

  • თუ პრობლემები არსებობდა, რის საფუძველზე განაცხადა ლია კოვზიაშვილმა, რომ 60 საბავშვო ბაღი მზად იყო 4 ოქტომბერს სწავლის დასაწყებად?

  • რატომ ცვლიდა სააგენტო სწავლის დაწყების თარიღს პერიოდულად განსხვავებული მიზეზებით?

  • რატომ ვერ მოესწრო არსებული ხარვეზების გამოსწორება არჩევნებამდე და რატომ გაახსენდა მერიას გათბობის საშუალებების შეცვლა უშუალოდ სწავლის დაწყების თარიღად გამოცხადებულ დღეს?

  • თუ კი ეს პრობლემები არ იარსებდა, შეძლებდა თუ არა სასწავლო პროცესის განახლებას გორის საბავშვო ბაღები იმ ფონზე, როდესაც სააგენტოს საკვები პროდუქტების ნაწილი (მაგალითად თევზი, ქათმის და საქონლის ხორცი) ჯერ ისევ არ შეუძენია?

ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვების პარალელურად, სკოლამდელი აღზრის სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების საიტზე რამდენიმე ტენდერს აცხადებს. მათ შორის ხორცის პროდუქტებზე, რომელიც აგვისტოს თვეში ერთხელ უკვე ჩავარდა. ამჯერად კი სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 11 ოქტომბრამდეა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, ისიც რომ პანდემიის ფონზე, სხვა სასწავლო პერიოდებისგან განსხვავებით, აღსაზრდელებისთვის სააგენტოს მხრიდან საკვები პროდუქტები არ დარიგებულა. სააგენტოში არც იმის გაჟღერება სურთ, აქვთ თუ არა ხორცი მარაგში ქალაქის საბავშვო ბაღებისთვის მაინც საკმარისი ოდენობით, სადაც სწავლის დაწყება ხვალიდან გადაწყდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.