ისტორიები ისტორიული ძეგლები

გორის ებრაული თემი – მულტიკულტურული ქალაქის განუყოფელი ნაწილი

ავტორი: თორნიკე კაკალაშვილი


გორში, თბილისის შემდეგ, უმსხვილესი ებრაული თემი ბინადრობს. გორის სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარის სიმონ დავითაშვილის თქმით, ამჟამად ქალაქში 35 ებრაული ოჯახი ცხოვრობს, მაშინ როცა 1970-იან წლებში, 800 ებრაული ოჯახი აღირიცხებოდა.


„ყოველწლიურად, გაზაფხულზე, ფესახის დღესასწაულისთვის, ებრაული ოჯახების რიცხოვნობით ვინტერესდები და ვატარებ მათი სულადობის აღწერას თუ რამდენი მაცა იქნება საჭირო რომ დავურიგო“.


გორელმა ებრაელებმა საქართველოდან მასობრივად გასვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს. სიმონ დავითაშვილი ისრაელში არ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთელი სანათესავო ასე მოიქცა.


„ალბათ, უფრო მშობლების გადაწყვეტილება იყო. დედა ძალიან მკაცრი ებრაული წესებით ცხოვრობდა, თუმცა, მაინც ამჯობინა ადგილი არ შეგვეცვალა“.


ის პირები, ვინც ალიას დროს აღთქმულ მიწაზე დაბრუნდნენ, საქართველოსთან კავშირს დღემდე ინარჩუნებენ და საჭიროებისამებრ, ადგილობრივ თემს დახმარებასაც უწევენ, მაგალითად რელიგიური ლიტერატურის მომარაგების კუთხით.


„ძალიან ბევრი ჩამოდის. ინტერესდებიან ჩვენი ყოფით. წინაპრების საფლავებზეც მიმყავს ხოლმე.ოგი ქართულად საუბრობს მიუხედავად იმისა, რომ იქ დაიბადნენ, ნაწილს კი ქართული უბრალოდ ესმის და ვერ საუბრობს“.


დავითაშვილი ამბობს, რომ ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი), ისევე როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ბევრი ქართული წარმოშობის ებრაელია წარმოდგენილი. გვეუბნება, რომ გორთან დაძმობილებულია ქალაქი ლოდი, რომლებიც მუნიციპალურ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობენ.


გორის სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გორი არ არის ისტორიულად ებრაელებით დასახლებული ქალაქი და აქ, ისინი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ.


„არანაირი ცნობები არ არის, რომ აქამდეც ცხოვრობდნენ გორში ებრაელები. არქივში ინფორმაციის ძიებისას წავაწყდი, რომ თვითონ ეს სინაგოგა აღრიცხვაზე, თუ სწორედ მახსოვს, 1936 წლიდან არის აყვანილი. მანამდე, სხვაგან, ნაქირავებში ჰქონდათ მოწყობილი სალოცავი“.


გორის სინაგოგა სულ რამდენიმე წელია, რაც „ებრაელთა კავშირში“ გაერთიანდა – ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში არსებულ იუდეურ სალოცავებს პატრონაჟს უწევს. მანამდე მას სრული ავტონომია ჰქონდა.

ანტისემიტიზმი


2016 წლის დეკემბერში, გორის სინაგოგა გაქურდეს. გამოძიებას შედეგი ამ დრომდე არ დაუდია. დავითაშვილმა არ იცის ეს ანტისემიტიზმის ფაქტი თუ კრიმინალური შემთხვევა იყო. ამბობს, რომ მომხდარისთვის სტატუსი მინიჭება უჭირს.


„შეიძლება პროვოკაცია იყო, არ ვიცი, გამიჭირდება შეფასება. თორის ნაწილი ვიპოვეთ ქუჩაში დაყრილი, დაზიანებულ მდგომარეობაში, ნაწილი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“.


გორის ებრაული თემის ლიდერი ირწმუნება, რომ არასდროს არავითარი ანტისემიტიზმი არ უგრძნია არც გორში და არც დანარჩენ საქართველოში. აცხადებს, რომ აღნიშნულზე არც სხვებს არასდროს დაუჩივლიათ. გორის ქუჩებში, ფესკით (ებრაული თავსაბურავი) ჩვეულებრივ გადაადგილდება და ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფებს ყოველთვის ეუბნება, რომ ქართველები ყველაზე ტოლერანტი ერია მთელ მსოფლიოში.


„ზუსტად იმ ევროპას, რომელიც ცივილიზაციაზე, განვითარებასა და ადამიანის უფლებებზე გველაპარაკება, შეუძლია ისწავლოს [ტოლერანტობა] ქართველი ერისგან“.

გამოწვევები


სიმონ დავითაშვილი მთავარ გამოწვევად ბუნებრივ კლებასა და შერეულ ქორწინებებს ასახელებს.


„შერეული ქორწინების დროს, ჩემი გადასახედიდან, შეიძლება მოხდეს ადამიანის აცდენა. სიახლოვეში შეიძლება მოხდეს რაღაცების გადაფასება“.


კასტელის ქუჩაზე, რომელსაც ადგილობრივები დღემდე „ებრაელების უბნად“ მოიხსენიებენ, იუდეური ოჯახები ფაქტობრივად აღარ შემორჩნენ. ებრაული ტრადიციით, აუცილებელი ლოცვა რომ შედგეს, საჭიროა 10 კაცის შეკრება, თუმცა არის მომენტები, როცა ეს ათი კაციც კი ვერ გროვდება თემის მცირერიცხოვნობის გამო. აღსანიშნავია, რომ გორს არც რაბინი ჰყავს.


კითხვაზე, ათწლეულის შემდეგ, ემუქრება თუ არა გორის სინაგოგას მლოცველის გარეშე დარჩენის საფრთხე, დავითაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები უცხოეთში თუ არა, თბილისში მიდიან სასწავლებლად, საცხოვრებლად და დიდი ალბათობით იქვე რჩებიან, რაც ავტომატურად უარყოფითად აისახება ადგილობრივ ებრაულ თემზე. ებრაული თემის ლიდერის განცხადებით, დღესდღეობით, გორში სულ რაღაც 8 მორწმუნე ახალგაზრდა ებრაელიღა შემორჩა.

წეს-ჩვეულებები


იუდეველებს მრავალი წეს-ჩვეულება აქვთ, რომელთა დაცვაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოეთხოვებათ. ერთ-ერთი მათგანი ჭურჭლის გამდინარე წყალში ანუ მდინარეში გატარებაა. მათ მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მისი მოხმარება, იქნება ეს კოვზი, თეფში, ქვაბი თუ სხვა.


სუფრაზე ყველი და ხორცი არ შეიძლება ერთად იდოს. ჭურჭელი, რომელშიც რძის ნაწარმია განცალკევებული უნდა იყოს ჭურჭლისგან, რომელშიც ხორცის ნაწარმია მოთავსებული.


„ასევე, სახლში, უნდა იყოს ცალკე კუთხე რძის ნაწარმისთვის და ცალკე – ხორცის ნაწარმისთვის. ჩემი აზრით, ამ წესს მკაცრად მიყვება ყველა ებრაელი. შეიძლება ის სალოცავში არ დადიოდეს ყოველკვირეულად, მაგრამ სახლში ამას ყველა იცავს“.

საგამოფენო სივრცე


გორის სინაგოგა ორსართულიანია. რელიგიური რიტუალები მეორე სართულზე სრულდება, პირველზე კი სიმონ დავითაშვილმა საგამოფენო სივრცე მოაწყო, სადაც ებრაული თემის ყოფა-ცხოვრების ამსახველ სხვადასხვა ნივთს მოუყარა თავი. ფიქრობს მის გაფართოებაზეც.


„ბევრი ტურისტი ინტერესდება თუ როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები და მსურს ეს ყველაფერი გადმოვცე. ეს არის ჩემი მცდელობა, რომ რაღაც შევქმნა. მუზეუმის იერსახე რომ მივცე ამისთვის დიდი თანხებია საჭირო და ამას რამდენად შევძლებ არ ვიცი“.


სიმონ დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რაც ქართველ და ებრაელ ხალხებს აკავშირებთ, სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი