ახალი ამბები

„თავისით ჩავარდა მდინარეში”- კენედის მკვლელობისთვის დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

გორში ბრიტანელი ტურისტის, ტომას კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ხუთივე პირს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი განიხილავს.

პროცესზე დაკავებულებმა თქვეს, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. დაცვის მხარე, მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

“წყალში არ გადაგვიგდია. ის გაქცევისას მდინარეში თავად ჩავარდა, რა დროსაც მობილური და საკრედიტო ბარათი მდინარის პირას დაუვარდა” , – ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.

გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი ერთ-ერთ ლომბარდში 350 ლარად ჩააბარეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.

ტომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ 8 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.