ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელი გოგოს გატაცების და ცემის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა გორის მერიის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც გოგოს გატაცებასა და მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. დაზარალებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, შესაძლოა ბრალი დამძიმდეს.

“მოიტაცეს, გზაში ერთი-ორიც გაარტყეს, ყელში ხელები წაუჭირეს და ოჯახის წევრების მოკვლითაც დაემუქრნენ. მეორე დღეს ამ გოგოს საქმროსაც დაურეკეს, გუშინ შენი საცოლე ჩვენთან იყოო და ნიშნობაც ჩაუშალეს. ერთ-ერთი “ჯიგარი” 16 წლამდე ასაკის სხეულში სექსუალური შეღწევისთვისაც იყო ადრე გასამართლებული”, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.

მისივე განმარტებით, გორის მერიის თანამშრომელთან ერთად, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც საზღვრის გადაკვეთა მოასწრო და მიიმალა.

“მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება მიდის თავისულფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგფის მიერ. თუმცა ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და მოვითხოვოთ ბრალის დამძიმება გენდერული ნიშნის გამოკვეთით, ასევე იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნებიც, რომლებზეც აუცილებლად უნდა იმუშაოს გამოძიებამ. ამაზეც ვაპირებთ მიმართვას“, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მერებაშვილმა.

როგორც ირკვევა მომხდარის საფუძველი შურისძიება გახდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.