ანალიტიკა / გამოძიება

გორის მერია “იაკობობას” პანდემიის გამო არ აღნიშნავს, მოხელეთა ნაწილი კი აქციაზე მიდის

ვარიანში სახალხო დღესასწაული წელსაც არ აღინიშნება. გორის მერია ამის მიზეზად ისევ პანდემიას ასახელებს. 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართებოდა, თუმცა მისი დაბადებიდან 181-ე წლისთავიც ვარიანში სტუმრების გარეშე ჩაივლის.

“იაკობობა წელსაც არ აღინიშნება. მიზეზი გასული წლის მსგავსად ისევ პანდემიაა. საალხო დღესასწაულისთვის ღონისძიებები არ იქნება, შესაძლოა გვირგვინით ავიდნენ ვარიანში ჩვენი თანამშრომლები”, -აღნიშნეს მერიის პრესსამსახურში.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვარიანში “იაკობობასთან” დაკავშირებით არც სკოლების საერთო ღონისძიება იგეგმება.

“იაკობობობა” პანდემიის მიზეზით არ აღინიშნება, თუმცა გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ნაწილი თბილისში, მასშტაბურ აქციაზე დასასწრებად უკვე ემზადება. მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განმარტებით, 27 ოქტომბერს, დედაქალაქში წასვლის მსურველი საჯარო მოხელეები ერთ დღიანი შვებულებით ისარგებლებენ და აქციას შეუერთდებიან. შიოშვილი ვარაუდობს, რომ თბილისში დაგეგმილ ე.წ. შემაჯამებელ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტიდან 5000-მდე მოქალაქე შეუერთდდება.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ, არანაირ დაძალებას ადგილი არ აქვს. საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ წამოვიდნენ აქციაზე, დაწერენ შვებულებებს და არანაირი პრობლემა არ იქნება. ვფიქრობ, 5000-მდე მსურველია გორიდან, მაგრამ ამდენი ხალხი ალბათ არ დაგვჭირდება. აქციაზე რეგულაციებს ისევე დავიცავთ, როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიცვა”, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

ინფორმაციისთვის, 27 ოქტომბერი სამუშაო დღეა. “ქართული ოცნება” კი აქციას 17:00 საათისთვის აანონსებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.