ანალიტიკა / გამოძიება

სიღატაკე გაიზარდა – რა იცვლება გორის მერიის სოციალურ პაკეტში წლიდან წლამდე

პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლის, მამუკა ფანიაშვილის განცხადებას, ყოფილი და ამჟამინდელი საჯარო მოხელეების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საუბარია სოციალურ პაკეტზე, რომელიც ფანიაშვილის ინფორმაციით 4 წელია არ შეცვლილა და წლიდან წალმდე მისი მუხლები ახალ დოკუმენტში კოპირებით გადადის. მერიის სოციალური სამსახურის განმარტებით, განცხადება რეალობას არ შეესაბამება და გახარიას გუნდის წარმომადგენლის მიერ ხსენებულ პერიოდში, სოციალური მიმართულებით არაერთი ცვლილება ამოქმედდა.

მერის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამას თავად უწევდა ზედამხედველობას და თუ კი რაიმე უკმაყოფილება არსებობდა, მაშინვე ჰქონდა გამოხატვის შესაძლებლობა. სუხიშვილი გახარიას გუნდის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში მიმართავს.

“მამუკა, 2017 – დან 2019 წლამდე ამ პროგრამას მე ვკურირებდი და როგორი პლაგიატი იყო დაგიჯდები დებატებში,მაგრამ 2019 წლიდან შენი თანაგუნდი კურირებდა და შეეძლო შეეცვალა ბევრი რამ, მით უფრო ჩემგან განსხვავებით, მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. თან ის 4 წელი როგორც საკრებულოს წევრი, ხმას აძლევდი პროგრამის დამტკიცებას და მაშინაც შეგეძლო ხმამაღლა გეთქვა პროგრამის გადაწერის შესახებ. ისე ნურავის დაავიწყდება, რომ პოლიტიკაში შეიძლება ყოველთვის არ იყოთ”, – წერს ეკატერინე სუხიშვილი.

ფანიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ეკატერინე ქუთათელაძეც, რომელმაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების შეცვლის პერიოდი გაიხსენა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროექტები განმარტა. 

“2014-2017 წლამდე პირადად მე ვხელმძღვანელობდი ქალაქ გორის მერიის სოციალურ სამსახურს და 22 პროგრამა გვქონდა და დაახლოებით 17 სოციალური თანადაფინანსების პროექტი, ასევე ღონისძიებები, რომლებიც სოციალური სამსახურის ბიუჯეტის ფარგლებში არ ხდებოდა ქველმოქმედებით, რომელსაც პირადად მე ვეძიებდი, რაც შეეხება განუხილველ წერილს ერთი წერილიც არ გვქონია; 95% დადებითი პასუხით იყო, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები”, -აღნიშნა ქუთათელაძემ.

მერიის სოციალურ სამსახურს და მერის ყოფილ მოადგილეს ისევ განცხადების ავტორი პასუხობს და სოციალურ მიმართულებაზე ახალ განმარტებას აკეთებს.

“პირველ რიგში რაზეც ბატონი დავითი საუბრობს არის მუხლში ცვლილებები და არა მუხლის და პროგრამის დამატება. ერთადერთი მუხლი რაც დაემატა ბოლო 4 წელში არის პრობაციონერებისთვის შეღავათები. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ განუხილველ განაცხადებზე ვთხოვოთ წარმოადგინონ თუნდაც ბოლო 1 წლის სტატისტიკა, რამდენი განაცხადია დაუკმაყოფილებელი და რას ეხება ეს განაცხადები. დარწმუნებული ვარ ანალიზის საფუძველზე ახალი მუხლი დაემატება. რაც შეეხება ქალბატონ ეკას განცახდებებს, ის საერთოდ სხვა პერიოდს ეხება. რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები ჩემს განცახდებაში”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

2017-2021 წლების ბიიუჯეტებში სოციალური მიმართულებით გაწერილი თანხები მუხლობრივად შეისწავლა ფინანსისტმა თამარ ედიშერაშვილმა. მისი ინფორმაციით, სოციალური დახმარება პროგრამების მიხედვით უმნიშვნელოდ არის შეცვლილი, (მაგალითად დაავადებებს დამატებული აქვს ორი პუნქტი), დანარჩენი მიმართულებები თითქმის იგივეა, თუ არ ჩავთვლით, რომ წლიდან წლამდე ამ პროგრამებზე თანხებია გაზრდილი.

“თუ გავითვალისწინებთ ლარის მსყიდველობით უნარს დოლართან მიმართებით და ასევე სახლმწიფოს მიერ აღიარებულ ინფლაციის ორნიშნა კოეფიციენტს, პარაქტიკულად დიდი ცვლილება არ არის. მაგალითად, 80 – დან 100 ლარამდე გაზრდა არ ასახავს შინაარსს, ანუ 100 ლარით იმაზე ნაკლების ყიდვა შეიძლება, რასაც ვყიდულობდით 80 ლარით. სოციალური სამსახურის ეს პროგრამა არის არსებული დახმარებების შენარჩუნების მცდელობა და არა წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება სოციალური დახმარების შესაფასებლად ქულების ზრდას, ეს ნიშნავს, რომ სიღატაკე გაიზარდა, ანუ ხელისუფლების აღიარებითი ჩვენებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაარსობრივად დიდი ცვლილებები არ გვაქვს, მაგრამ გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ადეკვატური პროგრამა ნამდვილად არ არის”, -განმარტავს თამარ ედიშერაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის მერიის სოციალურმა სამსახურმა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლის კრიტიკას აღნიშნულ თემაზე უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალურ პროგრამებში 14-მდე ცვლილებაა შესული და წლიდან წლამდე მისი დაკოპირებული ვერსიის გადატანა არ ხდება, როგორც ამას მამუკა ფანიაშვილი ამბობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.