ანალიტიკა / გამოძიება

როგორ მუშაობს გორის მერიის შიდა აუდიტი ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით – ჟურნალისტური გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველთვიურად 10 700 ლარი უჯდება, რაც ერთ წელში 128 400 ლარს ნიშნავს. “შიდა აუდიტის სამსახურის მიზანია მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა” – გვეუბნება სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თუმცა პრობლემები მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების – ა(ა)იპ-ების გარშემო კვლავ აქტუალურია.

რისთვის არის საჭირო 11 ა(ა)იპ-ის არსებობა, როგორ ხარჯავენ ეს სამსახურები მილიონობით ლარს, რატომ მუშაობს ათასობით ადამიანი ამ ა(ა)იპ-ებში – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, რომელზეც საუბრობენ არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები. აღნიშნულ კითხვებს ემატება კიდევ ერთი – რას აკეთებს შიდა აუდიტის სამსახური, რომელსაც ევალება მათი “საქმიანობის სრულყოფა” და რომელთა ხელფასებზეც ათიათასობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან.

შიდა აუდიტის მუშაობის ხარვეზებზე მიუთითებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც, რომელმაც ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, რომ სამსახურს არ შეუფასებია შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ.

“მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას” , – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

რომელი ა(ა)იპ-ები შეამოწმა აუდიტის სამსახურმა?

შიდა აუდიტის სამსახური წლის დასაწყისში განსაზღვრავს იმ ა(ა)იპ-ების ჩამონათვალს, რომელსაც წლის განმავლობაში აუდიტორულ შემოწმება ჩაუტარდება.

“ვაანალიზებთ რისკებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ა(ა)იპის წინაშე. ეს რისკები ფასდება სისტემის სირთულის, ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის, ბიუჯეტის ოდენობის, საჯარო ინტერესის, კანონმდებლობის მოთხოვნათა სირთულის და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. ამ რისკების შეფასების შემდეგ, ვადგენთ წლიურ სამოქმედო გეგმას, თუ რომელ ა(ა)იპ-ს ჩაუტარდება აუდიტორული შემოწმება”, – განმარტავს სამსახურის უფროსი თამარ ზურაბაშვილი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, შიდა აუდიტმა ყველაზე მეტჯერ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო შეამოწმა, დანარჩენი ა(ა)იპ-ების შემთხვევაში, შემოწმება ან საერთოდ არ მომხდარა, ან მხოლოდ – ერთხელ.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შიდა აუდიტის სამსახურს ბოლო წლებში საერთოდ არ შეუმოწმებია შემდეგი ა(ა)იპ-ები:

  • გორის საფეხბურთო კლუბი “გორი”
  • გორის მუნიციპალიტეტის გაზეთი “გორის მაცნე”
2018 წელი2019 წელი2020 წელი2021 წელი
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური;ა(ა)იპ გორის მუნიციპლიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო;ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო;ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო;
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანება და სანერგე მეურნეობა – მოგვიანებით დაქვემდებარებული ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს;ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო; ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო.
„ახალბაღი“ , – ასევე დაქვემდებარებული კეთილმოწყობის სააგენტოს;ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო;  
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;   
ა(ა)იპ სასაფლაოების მოწყობისა და მართვის სამსახური – მოგვიანებით დაექვემდებარა კეთილმოწყობის სააგენტოს   
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო   
შპს გორის მუნიციპალიტეტის მერიის „სერვისჯგუფი“   

დარღვევები ა(ა)იპ-ებში, რომლებიც შიდა აუდიტმა საკუთარ ანგარიშებში ასახა:

სხვადასხვა დროს (2019, 2020, 2021 წლები) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დროს, ა(ა)იპ-ებში ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება, მათი კვალიფიკაცია, ბიუჯეტის არაეფექტური გადანაწილება და სხვა.

რადიო “მოზაიკა” გაეცნო სხვადასხვა ა(ა)იპ-ების აუდიტორული შემოწმების შედეგებს და აღმოაჩინა, რომ ხარვეზები და პრობლემები თითქმის ყველა საბიუჯეტო დაწესებულებაში ერთმანეთის იდენტურია.

მაგალითად, კეთილმოწყობის სააგენტოში ჩატარებული შემოწმების შედეგად მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ”

“გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციაში არ აქვთ შემუშავებული თითოეული თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობა, სამუშაო აღწერილობა”.

ფუნქციუა-მოვალეობების დანაწილების პრობლემაზე მიუთითა შიდა აუდიტმა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შემოწმების შემდეგაც. ანგარიშში წერია:

“ადმინისტრაცია საჭიროა მუშაობდეს მონიტორინგის მიმართულებით, გაურკვეველია ვის აქვს დავალებული დისციპლინაზე და წესრიგზე პასუხისმგებლობა ფუნქციურად”

“შიდა აუდიტის მიერ შესწავლილ იქნა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები, არის შემთხვევები, როდესაც ფუნქციები იდენტურია და მსგავსი სამუშაო გაწერილობებითაა. ზოგიერთი მოსამსახურე დატვირთულია უმნიშვნელო ფუნქციით, ხარჯების შესწავლის შემდგომ, საჭიროა სააგენტომ კიდევ ერთხელ გადახედოს საშტატო ნუსხას”.

საშტატო ნუსხის გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებდა მერიის შიდა აუდიტის სამსახური სპორტის განვითარების სააგენტოს შემოწმების შემდეგაც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია:

“არის შემთხვევები, როდესაც თანამშრომელთა ფუნქციები იდენტურია, ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე არ არის დატვირთული ფუნქციით. სააგენტოში დასაქმებულები არიან უფუნქციოდ და არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, შესაძლებელია ერთმა თანამშრომელმა შეასრულოს სამ ან ოთხ ადამიანურ რესურსზე გადანაწილებული მოვალეობა”.

“გაურკვევლადაა შედგენილი სააგენტოს სპორტული სკოლების საშტატო ნუსხა, ასევე განსხვავებული ხელფასებია დანიშნული ერთნაირ საშტატო ერთეულებზე, თითოეულ სკოლაში დანიშნულია 2 ან 3 სპეციალისტი, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები დებულებით არ არის გაწერილი”.

საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზეა საუბარი კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ანგარიშში. დასკვნაში წერია:

“სააგენტო თანამშრომლების შერჩევას ახდენს რიგ შემთხვევაში პროფესიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე”

“სააგენტოს არ აქვს შემუშავებული კადრების შერჩევის მეთოდი, სასურველია სააგენტოს ჰქონდეს შემუშავებული და დამტკიცებული თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პირად საქმეებში წარმოდგენილი იყოს კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები, რათა სააგენტოს მხრიდან საკვალიფიკაციო გამოცდილების გათვალისწინებით მოხდეს კადრების შერჩევა/დანიშვნა მომავალში.”

გარდა ამ ხარვეზებისა, თითქმის ყველა შემოწმების შემდეგ, საკუთარ დაკსვნაში მერიის აუდიტის სამსახური სახელფასო ფონდის შემცირების და საკუთარი შემოსავლების მოძიებაზე ზრუნვის საჭიროებაზეც ამახვილებდა ყურადღებას.

გამოვლენილი პრობლემები ა(ა)იპ-ებში დღემდე მოუგვარებელია

შემოწმების შემდეგ, გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად, შიდა აუდიტი ადგენს რეკომენდაციებს, რომელთა შესასრულებლად, ა(ა)იპ-ებს გონივრული ვადა ეძლევათ, თუმცა რადიო “მოზაიკას” მიერ მომზადებული ჟურნალისტური საგამოძიებო მასალები ცხადყოფს, რომ შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს არ გაუთვალისწინებიათ.

ამ ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს სამსახურის ხელმძღვანელიც და ამბობს, რომ აღმოჩენილი ხარვეზების მხოლოდ 20% დარჩა გამოსასწორებელი.

“ა(ა)იპებს შიდა აუდიტის გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად ვაძლევთ გონივრულ ვადას.შესრულებული რეკომენდაციების ოდენობა პროცენტულად 70-დან 80-მდე მერყეობს. დაახლოებით 20% შეუსრულებელია” , – განმარტავს ზურაბაშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს შიდა აუდიტის სამსახური ამ პრობლემის მოგვარებას, ზურაბაშვილი პასუხობს, რომ მის სამსახურს აქვს მხოლოდ მარწმუნებლის ფუნქცია, რომელსაც აქვს საკონსულტაციო ხასიათი.

“მარწმუნებელი” სამსახურის 10 თანამშრომლის ხელფასებზე ყოველთვიურად 10 700 ლარი იხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურში სულ 10 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან უშუალოდ შიდა აუდიტის განყოფილებაში 5 ადამიანი მუშაობს. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 1 700 ლარს შეადგენს, ხოლო აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის – 1 200 ლარს.

ვინ უნდა მოაგვაროს ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები?

თუ კი მერიის შიდა აუდიტის სამსახურს მარწმუნებლის ფუნქცია აქვს და ზოგჯერ, მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება, მაშ ვინ მოაგვარებს ა(ა)იპ-ებში არსებულ პრობლემებს? – ამ საკითხზე მსჯელობისას, დარგის სპეციალისტები ყურადღებას მერიის პასუხისმგებლობასა და თავად აუდიტორული შემოწმებების მიზანზე ამახვილებენ.

მაგალითად, ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი ამბობს, რომ შიდა აუდიტი რეალური, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მხილებაზე არ არის ორიენტირებული.

თამარ ედიშერაშვილი, ეკონომისტი

საყოველთაოდ ცნობილი პრობლემა არის ხარჯთეფექტურობა ანუ ა(ა)იპ-ებში თავმოყრილი ზედმეტი შტატები და არამიზნობრივი ხარჯები, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკას. ეს პრობლემა არის თვლადი და ზომვადი. ამიტომ  წლიურ ანგარიშში, ან ცალკე რეკომენდაციებში სასურველია ჩანდეს საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციაზე რეკომენდაციები გამოსახული ციფრებში. შინაგანაწესის, პირადი საქმეების და ასეთი ბიუროკრატიული სისტემების მოწესრიგება და მათი ნორმატიულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა სასარგებლოა, მაგრამ ბიუჯეტის ფისკალურ ეფექტს ვერ გვაძლევს

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი კი ფიქრობს, რომ აუდიტორული შემოწმების მიზანი არ არის იქ არსებული რეალური პრობლემების წარმოჩენა და მათ მოგვარებაზე, მერიის ჩართულობით, ზრუნვა.

ლექსო მერებაშვილი, იურისტი

დღეს ვხედავთ, რომ ეს სამსახური ძირითადად არასასურველი თანამშრომლების დევნის ორგანოდაა ქცეული, რომელთა დასკვნებს სიტყვასიტყვით აკოპირებს მერი საკუთარ ბრძანებებში და ისე უშვებს არასასურველ საჯარო მოხელეებს სახლში”. მაშინ, როცა რეალურად ამ სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით, მერია უნდა უზრუნველყოფდეს ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემების მოგვარებას.

საკადრო ცვლილების საფუძველი აუდიტის ანგარიში მიმდინარე წელსაც გახდა. კერძოდ, 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი შეეცვალა, ახალმა ხელმძღვანელმა თავად მოითხოვა აუდიტორული შემოწმება და მის საფუძველზე, სამსახურიდან 2 თანამშრომელი, დისციპლინალური გადაცდომის მიზეზით გაუშვა.

დარგის სპეციალისტების თქმით, შიდა აუდიტის დასკვნები ცხადყოფს, რომ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები მერიისთვის და საკრებულოსთვის ცნობილია. შესაბამისად, ისინი იქამდე არ მოგვარდება, სანამ არ გაჩნდება ამის პოლიტიკური ნება და საზოგადოების პრინციპული მოთხოვნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.