ახალი ამბები

გორის მე-3 სკოლას იაპონიის ელჩმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო საშუალებები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან იმამურა აკირასთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები საჩუქრად გადასცა.

“სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, აქტიურად ვთანამშრომლობთ UNICEF-თან. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა და იაპონურმა კომპანია “სარაიამ“ სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები, რომლებსაც საქართველოს ყველა სკოლა დამატებითი მარაგის სახით მიიღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3000-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციითვის, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვა პანდემიის მართვისთვის საჭირო ყველა რესურსით. იაპონური კომპანია “სარაიას“ მიერ სამინისტროსთვის გადაცემული 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი დამატებითი მხარდაჭერაა დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რაც პანდემიის მართვის პროცესში სამინისტროს შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.