ახალი ამბები

დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის – USAID-მა ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო

USAID-ის პროგრამამ “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დაიწყო ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელება, რომლის საგრანტო ფონდი $13 მილიონი აშშ დოლარია. პირველ ეტაპზე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი “კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის”, ხოლო წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ ორი საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული პროგრამების შემუშავება, გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროგრამის განხორციელების შედეგად, სექტორულ დონეზე შეიქმნება ტრენინგის მიმწოდებელთა ქსელი, ასევე კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის  მზარდი და ეფექტური მოდელები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: JOBS.GE – Grant Competition – USAID Industry-led Skills Development Program; https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram; https://iesc.org/program/usaid-industry-led-skills-development/

პროგრამა გეგმავს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას შემდეგ ქალაქებში:

  • 18 ნოემბერი – თბილისი – გრანტის მაძიებლებისთვის თბილისიდან, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
  • 19 ნოემბერი – ბორჯომი – გრანტის მაძიებლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან
  • 24 ნოემბერი – თელავი – გრანტის მაძიებლებისთვის კახეთის რეგიონიდან
  • 30 ნოემბერი – ქუთაისი – გრანტის მაძიებლებისთვის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებიდან
  • 1 დეკემბერი – ზუგდიდი – გრანტის მაძიებლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან
  • 3 დეკემბერი – ბათუმი – გრანტის მაძიებლებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და გურიის რეგიონიდან

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,800 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45% – ქალები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.