ახალი ამბები

ახალი საკრებულო გორში 3 დეკემბერს შეიკრიბება

2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე კი მოქმედი თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად იმ შენიშვნებს ამზადებს, რომლებიც გორის მერიას 25 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნოს. დავით რაზმაძის ინფორმაციით, საკრებულოს წევრთა მოსაზრებები ახალი ბიუჯეტის პროექტში ძირითადად სოციალურ სფეროს ეხება. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტის განხილვის პროცესში კონსულტაციისა და ინფორმაციის მიღების დონეზე ჩართულები არიან ახლადარჩეული დეპუტატებიც და წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ჩაგდების საფრთხე არ ემუქრება. ახალი ვერსიით ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.

“ახალ საკრებულოს წევრთა შორის “ქართული ოცნების” 14 წარმომადგენელი მოქმედი დეპუტატია, 36 წევრიდან სხვა პარტიის წარმომადგენელი მხოლოდ 12 დეპუტატია. იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოში უმრავლესობას ჩვენ წარმოვადგენთ, ახალ ბიუჯეტს ჩაგდების საფრთხე გორში არ ემუქრება. ვამზადებთ შენიშვნებს, რომელსაც დღის ბოლოს მერიას გადავუგზავნით. სავარაუდოდ, 3 დეკემბრისთვის უკვე ახალი საკრებულო შეიკრიბება და წლის ბოლომდე დავამტკიცებთ ახალ ფინანსურ დოკუმენტს”, – აცხადებს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად, რადიო “მოზაიკას” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20:00 საათზე ისაუბრებს. მისი ინტერვიუს მოსმენა შესაძლებელია, როგორც რადიოს ფეისბუქის გვერდზე, ისე ტალღაზე – FM 97.8 – ზე.

დატოვეთ კომენტარი