ბლოგები

რატომ ვარ პოლიტიკაში?

ავტორი: ანი ბალიაშვილი

მე ვარ ანი ბალიაშვილი,  მოქალაქე, რომელიც ცდილობს იყოს აქტიური და პასუხისმგებლიანი. წესით დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ვართ, სადაც წინააღმდეგობა და პროტესტი უკვე აქტიურ მოქალაქეობად აღიქმება, არადა ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. 

იდეებისთვის ბრძოლა ნიშნავს მოქმედებას, შრომას და თითოეული წუთის გამოყენებას მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვარ გორის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან. 

გზა საკრებულომდე

საკრებულომდე გამოვიარე საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული გზა. ვსწავლობდი, ვშრომობდი, ვცდილობდი საკუთარი თავის რეალიზებას. ვმუშაობდი ადგილობრივ თვითმმართველობაში, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე კერძო სექტორში. ამავდროულად არასდროს ვყოფილვარ პასიური.

ისე გამოვიდა,რომ თითქმის ყოველთვის მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდები ხოლმე. ვარდების რევოლუციისას სტუდენტი ვიყავი და აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი აქციებში. ბოლო 9 წელია, თითქმის არცერთი აქცია გამართულა უჩემოდ, არც შიდა ქართლში და არც დედაქალაში. ვცდილობ მონაწილეობა მივიღო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში, ხან ამ და ხანაც სხვა ფორმით. 

ქალები პოლიტიკაში

ქალები უნდა ვიყოთ პოლიტიკაში იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოვადგენთ, პოლიტიკაში კი მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილები. გადაწყვეტილებებს მხოლოდ კაცები არ უნდა იღებდნენ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების რეალიზების შესაძლებლობა, მათ შორის პოლიტიკაშიც.

ქალებს განსაკუთრებული როლი აქვთ პოლიტიკაში. საკრებულოში კი ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი საკითხების მინიმუმ გაჟღერების შანსი გვეძლევა.

რამდენი კაცი დეპუტატი გახსენდებათ, ვინც მრავალშვილიანი დედების, სოციალურად დაუცველი ქალების საჭიროებებზე უსაუბრია? მე არცერთი. ქალებმა უნდა ვისაუბროთ ყველაზე მეტად როგორც ქალთა საჭიროებებზე, ისე სხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზე. ქალთა საჭიროებებზე მორგებული და გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტი და მეორე – მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა თვითმმართველობაში, – ეს ორი ძირითადი მიმართულებაა, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს. ცხადია, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, რომლის განხილვაშიც აქტიურად ვაპირებ ჩართვას.

თანმდევი ფიქრები

ადვილი რომ არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ცხოვრების არ იყოს, პოლიტიკაც ამიტომაა საინტერესო, რომ სირთულეების ფონზე წარმატების მიღწევის შანსს გვაძლევს. მთავარია არ დაგვეზაროს, ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. 

მე, როგორც დეპუტატი და მათი წარმომადგენელი საკრებულოში, კავშირზე ვარ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ამომრჩეველთა ნაწილი უკვე მეკონტაქტება და საკუთარ პრობლემებზე მიყვება. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, პირველ რიგში შევისწავლი და შევაფასებ გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს, რამდენად მორგებულია ის საზოგადოების ყველა ჯგუფის საჭიროებებზე, უმცირესობის წარმომადგენლებზე, მოწყვლად ჯგუფებზე.

საკრებულოში ჩვენ შევიტანთ ისეთ ინიციატივებს, რომელიც სწორედ მათი პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გაჟღერდეს, როგორც საკრებულოში, ისე სხვა ტრიბუნაზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.