ახალი ამბები

ცოლის და დედის ცემაში ბრალდებული გორის სასამართლომ გაამართლა



გორის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჯერ მეუღლის, შემდეგ კი, დედის ცემა და სიკვილის მუქარა.

დაზარალებულებმა, მ.მ-მ და დ.რ-მ ახლო ნათესავის წინაარმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

“შვილების თანდასწრებით, ვ.რ-მ მეუღლეს ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი სახეში და მუშტი მარჯვენა მხარზე. აღნიშნულზე შენიშვნის გამო, ვ.რ-მ დედას დ.რ-ს სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი, გაეკიდა მას ეზოში, სადაც ასევე ძლიერად დაარტყა ხელი თავში. ამავე დროს ვ.რ დედას და მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

გამომძიებლებს ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ, რომელმაც საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ მისი დედა და რძალი სახლიდან იყვნენ გამოპარულები იმის გამო, რომ მისმა ძმამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება მოწმემ სასამართლოზე არ დაადასტურა.

სავადაუდო დაზარალებულებს ჩაუტარდათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, დ.რ-ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, განვითარებული მკვრიბი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა მეორე დაზარალებულსაც.

“დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინაარმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს” , – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.

საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა. მან მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია და ბრალდებული ვ.რ გაამართლა.

“მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია” , – აღნიშნულია მოსამართლის განაჩენში.

საბოლოოდ, ვ.რ წარდგენილ ყველა ბრალდებაში გამართლდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები