ახალი ამბები

სუს: საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

“მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნულ ინფორმაციაში არ აკონკრეტებს ვინ არის გათავისუფლებული მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის ზაფხულში უკანონოდ დააკავა.

“უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ზემო ნიქოზის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის შესახებ. ის ერთი კვირის წინ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოსური მხარის ინფორმაციით, ჩხიკვაძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.