ანალიტიკა / გამოძიება

როგორ აღინიშნა 21 დეკემბერი გორში – (ფოტოები)



21 დეკემბერი – სტალინისა და ყოფილი პრეზიდენტის დაბადების დღე.

გორში ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება, საბჭოთა ბელადის იოსებ ჯუღაშვილი სტალინის დაბადების დღის საპატივცემულოდ. სტალინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ძირითადად მისი სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში იმართება. ათეულობით ადამიანი საბჭოთა სიმბოლიკებით ხელში იკრიბება და საზოგადოების დარჩენილ ნაწილს სტალინის მოღვაწეობის მნიშვნელობას ახსენებს.

“კახეთიდან ჩამოვედი, გურჯანიის რაიონიდან, სოფელი ახალშენი. ეს დღე მარტო ჩემთვის კი არა, მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი. ამ კაცმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დედამიწაზე ცხოვრება სამოთხედ ქცეულიყო.” 

“უმუშევრობა მოსპო, საბჭოთა კავშირში უმუშევარი აღარ არსებობდა, ამაზე დიდი რა უნდა გაეკეთებინა”.

“ყოველ წელს მოვდივარ აქ, დაბადების თუ გარდაცვალების დღეზე, ყოველთვის აქ ვართ. უფრო ფართომასშტაბი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ბევრი რამ გვიშლის ხელს, მაგალითად ის რომ პრესა უჭირავთ კაპიტალისტებს, ბანკირებს და ასე შემდეგ. მათ არ აწყობთ არც სტალინი და არც სოციალიზმი. აქ რომ ცოტა ადამიანი დგას, არ იფიქროთ რომ სხვა თანამოაზრეები არ გვყავს, ბევრი სახლში ზის და იგივე აზრზეა, მაგრამ მოვა დრო, ისინიც გამოვლენ”, – ამბობდნენ სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში შეკრებილები. 

წელს პირველად, გორში ეს დღე განსხვავებული იყო, იმ კუთხით რომ სტალინის დაბადებიდან 143 წლისთავს დაემთხვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნა, რომელიც ასევე 21 დეკემბერსაა დაბადებული, ის 54 წლის გახდა. 

მხარდამჭერებმა მას დაბადების დღე, გვიან ღამით ჰოსპიტალთან საქართველოს ჰიმნითა და გამამხნევებელი შეძახილებით მიულოცეს. დღის ბოლოს კი გორიდან თბილისში აქციაზე გაემგზავრნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა ბელადის მსგავსად 21 დეკემბერს დაიბადა, სტალინის მხარდამჭერებს სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ისინი პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს 2010 წელს გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებას ვერ პატიობენ. 

“ძეგლი უნდა დაბრუნდეს თავის ადგილას, თავის დროზე დიდი დანაშაული ჩაიდინა, რომ ქალაქის ცენტრიდან ამ დიდი პიროვნების ძეგლი, ჩუმად, შუა ღამით აიღო”, – ამბობენ სტალინელები. 

დატოვეთ კომენტარი