ახალი ამბები

რადიო „მოზაიკა” 6 წლისაა – როგორ მოვედით დღემდე?



24 დეკემბერი გორის სათემო რადიო “მოზაიკას” დაფუძნების დღეა. ორგანიზაცია წელს 6 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში, გუნდმა 30-მდე პროექტი განახორციელა. როგორ დაიწყო ყველაფერი და რა გზა გამოიარა “მოზაიკამ” დღემდე – წარმოგიდგენთ ორგანიზაციის 6-წლიანი მუშაობის მოკლე მიმოხილვას.


ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდია რემ” საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სათემო რადიოების დაფუძნება გადაწყვიტა. BBC-ისთან თანამშრომლობით და მისი კონსულტანტების დახმარებით, სათემო რადიოს დაფუძნება გორის მუნიციპალიტეტშიც გადაწყდა – 2015 წლის 24 დეკემბერს ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა და მას “მოზაიკა” ეწოდა.

“დაფუძნების შემდეგ იყო რთული პერიოდი, რადგან ყველა დონორისთვის უცხო გუნდი ვიყავით და ჩვენი შესაძლებლობები მათთვის უცნობი იყო. ეს კი დაფინანსების მოპოვებას ართულებდა”, – იხსენებს ორგანიზაციის დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.

საწყის ეტაპზე, “მოზაიკა” ძირითადად ადგილობრივ NGO-ებთან თანამშრომლობდა და მათ პროექტებს მედია-პარტნიორობას უწევდა. 2018 წელს კი, ორგანიზაციამ პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო და ინსტიტუციური გაძლიერების შანსიც გაჩნდა.

“ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” – ასე ჰქვია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან აქტიური მედია-საქმიანობა დავიწყეთ და მას შემდეგ, ეს პროცესი აღარ გაჩერებულა”.

ამ დროისთვის, “მოზაიკას” 30-მდე პროექტი აქვს განხორციელებული და ყველა მათგანის ძირითადი მიზანი, თემში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო.

ბოლო წლების განმავლობაში, ორგანიზაციამ პროექტები ძირითადად რამდენიმე მიმართულებით განახორციელა:

თვითმმართველობის გაძლიერების და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით

გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის (ევროპის ფონდი)

ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის (ევროპის ფონდი)

“მოზაიკა” – ადგილობრივი მედია ძლიერი თვითმართველობისთვის (ღია საზოგადოების ფონდი)

“მოზაიკა” – ადგილობრივი მედია დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობისათვის (ღია საზოგადოების ფონდი)

ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით

ევროპა მითების გარეშე (ღია საზოგადოების ფონდი)

ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიის განვითარებისთვის (გორის მუნიციპალიტეტის მერია)

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით

ქალები ქალაქს მიღმა (ქალთა ფონდი საქართველოში)

ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის (ქალთა ფონდი საქართველოში)

გოგონათა მედია სკოლა ქალების გაძლიერებისთვის (ფონდი “ტასო)

პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით

ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა COVID19-ის პირობებში (ქალთა ფონდი საქართველოში)

“მოზაიკა” – სათემო რადიო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის (ღია საზოგადოების ფონდი)

მოქალაქეთა გაძლიერება ინფორმაციით პანდემიის პირობებში (ევროპის ფონდი)

მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირების მიზნით

თემის ხმა (EED)

გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის (ევროპის ფონდი)

აღსანიშნავია, რომ საკუთარი მედია-საქმიანობით, “მოზაიკამ” ადგილობრივებისთვის პრობლემური და მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი დააყენა ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგში.

“მაგალითად, ჩვენი ერთი პროექტის “გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის” ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პრობლემური 10-ზე მეტი საკითხი მოგვარდა. მათ შორის იყო ელექტრო ბოძების გამოცვლა, გზების რეაბილიტაცია, ნაგვის ურნების განთავსება, მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟება და სკვერების მოწყობაც”, – ამბობს ანა ჯიოშვილი, ჟურნალისტი.

რადიო “მოზაიკამ” ევროპის ფონდის, ღია საზოგადოების და ქალთა ფონდის მხარდაჭერით პანდემიის პირობებში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით, 3 პროექტი განახორციელა – ერთი მხრივ,პროექტების მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში COVID-19-თან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მეორე მხრივ, უშუალოდ პანდემიასთნ დაკავშირებული მოვლენების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება.

„ჩვენი სოციალური მედია სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტად ვაქციეთ – ვპასუხობდით და ვრეაგირებდით ნებისმიერ შემომავალ კითხვასა თუ თემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებდათ. ამან მოგვცა საშუალება, საზოგადოება ერთი მხრივ, მუდმივად ინფორმირებული გვყოლოდა, და მეორე მხრივ, რეალური სურათი აგვესახა იმ მოვლენებისა, რაც გორში პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა“, – ამბობს გიორგი დვალიშვილი, რადიო “მოზაიკას” ჟურნალისტი.

რადიო “მოზაიკას” ჟურნალისტი ხატია მუმლაძე იხსენებს ორგანიზაციის მიერ, 2021 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ მსხვილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ ჟურნალისტური გამოძიებები მოამზადა.

“ჩვენი მედიასაშუალებისთვის მნიშვნელოვანი გამწვევა იყო ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობა. ამ პროექტმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში არსებული ხარვეზები და შეგვედგინა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა იყოს, თუ როგორ გახადონ მუნიციპალური ა(ა)იპ-ები ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო სამსახურებად” , – ამბობს ხატია მუმლაძე.

წელს ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძლიერი და მებრძოლი ქალებისთვის ჯილდოც დააწესა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის და საკუთარი ბრძოლის გამო, საბჭოთა კავშირის მიერ დახვრეტილი ქალის სახელობის ჯილდოს რადიო “მოზაიკა” ყოველწლიურად გადასცემს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო, სასარგებლო და ღირებულ საქმეს აკეთებს.

რადიო “მოზაიკა” მომავალ წლებშიც გააგრძელებს აქტიურ მედიასაქმიანობას და თემში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას.

დატოვეთ კომენტარი