ანალიტიკა / გამოძიება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა  



გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინი მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი ორი დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს რუსმა ოკუპანტებმა უკანონიდ დააკავეს. მათი ოჯახის წევრებს  დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ. 

უკანონოდ დაკავებულები ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით საოკუპაციო რეჟიმი მათ ბრალს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დღეს, 24 დეკემბერს წაუყენებენ. 

უკანონო დაკავების მორიგი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. 

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ერთ-ერთი დაკავებულის, ავთანდილ თომაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ის მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება და თუკი მედიკამენტებს დროულად არ მიიღებს, შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. 

“ავად არის, ვერ გაძლებს ციხეში და ვითხოვ დროულად გამოუშვან. ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია”, – ამბობს თომაშვილის დედა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 7 მოქალაქე იმყოფება, მათ შორისაა 10 დეკემბერს დაკავებული მამუკა ჩხიკვაძეც, რომლის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლება დაკავებულების ზუსტ რაოდენობას მალავს და რეალურად უკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება. 

“ეს სამი უცნობი ადამიანი ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 1 წელია ტყვეობაშია. სამწუხაროდ, ოჯახის მოთხოვნით ჩვენ არ ვასაჯაროვებდით ამ ამბავს. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ეს ინფორმაცია და დადასტურდა, რომ ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია დეტალური მონაცემები ყველა გატაცებულთან დაკავშირებით, მალავს ამ მონაცემებს, რითაც ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი მოქალაქეების დატერორებაში”, – ამბობს ქაცარავა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.