ახალი ამბები

გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, გორში საახალწლო ბაზრობა გაიხსნა



არიან ოჯახები, რომლებიც ახალ წელს უამრავი პრობლემით და საზრუნავით ხვდებიან. სწორედ ასეთი ადამიანების დახმარების მიზნით, გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყო.

ნაქსოვი თოჯინები, დეკორატიული ანგელოზები, ხელნაკეთი ნაძვის ხეები, ნამცხვრები და სათამაშოები გოგებაშვილის სახელობის სკვერში დღის 12:00 საათიდან გამოიფინა.

“მინდა რომ ლამაზად დავალაგო, ფოტოებში, რომ კარგად გამოვიდეს” – ამბობს მძივების დახლთან მდგომი გოგონა და საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს სპეციალურად მისთვის გამოყოფილ დახლზე ალაგებს.

მახლობლად საკონდიტრო ნაწარმი აწყვია, რომლებსაც საახალწლო ფიგურების ფორმები აქვთ. გვერდით ცხელი სასმელებისთვის განკუთვნილი თერმოსი დგას – მსურველებს ყავის და ჩაის დალევა შეუძლიათ.

ბაზრობა საქველმოქმედო ხასიათისაა – გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

“გარდა ნივთებიდან შემოსული თანხისა, აქ დგას შემოწირულობის ყუთიც. ამ თანხას “წითელი ჯვარი” და ჩვენი ეპარქია გადაანაწილებს გაჭირვებულ ოჯახებზე. მიხარია, რომ საახალწლოდ ათამდე ოჯახი გაიხარებს”, – გვითხრა რობერტ ნაღლაკელიძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა.

საქველმოქმედო ბაზრობაში ადგილობრივი მეწარმეებიც ჩაერთვნენ. სკვერის შესასვლელში მდგარ მაგიდაზე, თაფლით სავსე პატარა ქილები და სხვადასხვა ზომის სანთლები აწყვია.

მიუხედავად სუსხისა, საახალწლო ბაზრობაზე განსაკუთრებულ განწყობას ახალგაზრდების ჯგუფი ქმნის. ბიჭები ქართულ-ხალხულ მრავალხმიანი სიმღერებს მღერიან.

ბაზრობა დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო, ვინც გორის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ნივთებსა და პროდუქტს აწარმოებს.

დატოვეთ კომენტარი