ანალიტიკა / გამოძიება

გორში 2021 წელს 25-ზე მეტი ავარია მოხდა – დაიღუპა 8 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიებს გორში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 28-ზე მეტი, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან 9 ოქტომბერს მომხდარ ავარიას. 18 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ.

ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 5 ივნისს, კომბინატის დასახლებაში. მანქანა 2 ახალგაზრდას დაეჯახა, რა დროსაც 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გორში, სადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ გორში 2021 წლის განმავლობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონოლოგიას:

Dec 2021

ავტომობილი 2 ქალს დაეჯახა

სადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან მერსედესის მარკის ავტომანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.

Dec 2021

გორში ქალს მანქანა დაეჯახა

გორში, მშვიდობის გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი გზაზე გადადიოდა, როცა მას ე.წ მარშუტკა დაეჯახა. ქალი მძიმედ დაშავდა.

Nov 2021

მანქანა ქვეითს დაეჯახა

მანქანა წმინდაწყლის დასახლებაში 63 წლის ქალს დაეჯახა. იგი მძიმედ დაშავდა.

Oct 2021

ავარია შავშვებთან, რომელსაც 3 სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტობანზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

Oct 2021

ავარია გორი-თბილისის მაგისტრალზე

მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

Oct 2021

ავარია კარალეთთან

გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახა, დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Aug 2021

ავარია ვერხვების დასახლებაში

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა ტოიოტას. “ერთი ადამიანი დაშავდა და სასწრაფომ წაიყვანა” , – ამბობდა თვითმხილველი

Aug 2021

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ

შემთხვევა სპორტ-სკოლის მოპირდაპირედ, ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა. სასწრაფო არ გამოუძახებიათ, დაშავებული მანქანით წაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში.

Jun 2021

20 ივნისი

გორში, წმინდაწყლის დასახლებასი ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა. დაშავებული რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ, გარდაიცვალა.

Jun 2021

10 ივნისი

გორში, სადგურის ხიდზე ავარია მოხდა. სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ავარიის შედეგად, არავინ დაშვებულა.

Jun 2021

9 ივნისი

კარალეთთან ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

Jun 2021

6 ივნისი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა.

Jun 2021

5 ივნისი

გორში, კომბინატის დასახლებაში მანქანა 2 ახალგაზრდას დაეჯახა. 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. გოგო კი, თვეების განმავლობაში გადიოდა მკურნალობას კლინიკაში.

Jun 2021

2 ივნისი

გორში მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

May 2021

18 მაისი

სტალინის გამზირზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სადგურის დასახლებიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ 2 მანქანას შეეჯახა. "სადგურის დასახლებიდან მოდიოდა დიდი სისწრაფით მანქანა, რომელიც ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი, გზაზე მდგარ ორ ავტომობილს" , - განაცხადა თვითმხილველმა.

May 2021

14 მაისი

შავშვებთან ავარია მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. “გზაში მძღოლს შვილი გაუხდა ცუდად. მანქანა ამიტომ გააჩერა ავტობანზე, რის შემდეგაც გაჩერებულ ავტომობილს სხვა მანქანა დაეჯახა”, - ამბობდნენ თვითმხილველები.

Mar 2021

31 მარტი

კომბინატის დასახლებაში, ავტომანქანა ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა მოზარდი გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Mar 2021

24 მარტი

გორში ავარიის შედეგად 5 წლამდე ასაკის 3 ბავშვი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი ძმები რომელაშვილებისა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შეეჯახა. ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილური იყო და კლინიკიდან მალე გამოწერეს.

Mar 2021

23 მარტი

ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ვერხვების დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

Mar 2021

17 მარტი

ტალინის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა და ამობრუნდა. თვითმხილველების თქმით, მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

Mar 2021

13 მარტი

გორში ავარია მოხდა - ორი ავტომობილი ერთმანეთს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევამ მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, თუმცა მის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოუძახებიათ.

Mar 2021

12 მარტი

ვტოსაგზაო შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა.  ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა.დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ "გორმედში" გადაიყვანა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი.

Mar 2021

11 მარტი

კარალეთში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მგზავრმა.

Feb 2021

11 თებერვალი

ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში გამოწერეს.

Jan 2021

15 იანვარი

ცხინვალის გზატკეცილზე, დევნილთა დასახლებასთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით ავარიის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.  შსს - ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ - ის 276 მეორე ნაწილით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.