ანალიტიკა / გამოძიება

რა (არ) შეიცვლება ხელმძღვანელების ცვლილებით ა(ა)იპ – ებში – შეფასებები 

2022 წელი გორის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებებით დაიწყო. შეიცვალა ორი მსხვილი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი. 

2021 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი შათირიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც როგორც ირკვევა, მანამდე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 

ხელმძღვანელი შეიცვალა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშიც, გელა კაპანაძე, დავით წეწავაძემ ჩაანაცვლა, რომელიც ამავე სააგენტოში იყო დასაქმებული. 

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ა(ა)იპ-ებში ხელმძღვანელი პირების შეცვლა, ოფიციალური კომენტარი არც სააგენტოებს და არც გორის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუკეთებია. ამასთანავე, აღნიშნულ პოზიციებზე ხელმძღვანელი პირები ისე შეირჩნენ, რომ არც კანონით გათვალისწინებული კონკურსი გამოცხადებულა. 

ხელმძღვანელი პირების შეცვლის გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს დარგის ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელი პირების შეცვლა პოლიტიკური პროცესებია და არა ა(ა)იპ-ების მუშაობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

მიშა ჩიტაძე, ექსპერტი თვითმმართველობის დარგში

“პრობლემა იმაშია, რომ ეს არ არის სერვისების გაუმჯობესებისთვის გაკეთებული ცვლილებები. ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესები – ერთი გუნდი წავიდა, მეორე გუნდი მოვიდა. ჩემი აზრით, ეს არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ თუკი სისტემა არ შეიცვალა, ხელმძღვანელების ცვლას არანაირი აზრი არ აქვს”.

თამარ ედიშერაშვილი, ფინანსისტი

“ეს პროცესი არანაირ სასიკეთო ცვლილებას არ გულისხმობს. ეს არის პროცესი, როცა საარჩევნოდ აქტიური ხალხის მომადლიერება ხდება. ზოგადად ასე ხდება ხოლმე, რომ ძველ აგიტატორებს ან მხარდამჭერებს ანაცვლებენ ახლით. პრობლემა იმაშია, რომ არც წინამორბედებს და არც ახლადანიშნულებს არაფერს აკითხებდნენ, უნდოდათ დაანიშნინებდნენ ვინმეს, უნდოდათ ტენდერს მოაგებინებდნენ, ანალოგიურად იქნება ახლაც”.

ქეთევან ბებიაშვილი, საია -ს გორის ოფისის ხელმძღვანელი

“ეს არ არის ის სისტემური ცვლილება, რაზეც იყო რეკომენდაციები. ვიმედოვნებდი, რომ სისტემურ ცვლილებაზე უფრო მეტი აქცენტი ყოფილიყო გამახვილებული. უნდა დაიწყონ ა(ა)იპების რეორგანიზაცია და არა თანამდებობების ცვლილებები. თანამდებობის ცვლილება ეს არის მხოლოდ პიროვნებების შეცვლა და ეს არ არის სისტემის შეცვლა, როგორიც არის შემდგომ თანამშრომლებთან ურთიერთობა დასაქმება, იმ ფუნქციის შესრულება რაც უნდა სააგენტომ განახორციელოს. ეს არის სახელმწიფოებრივი ფუნქცია ადგილობრივი მნიშვნელობის რომელიც მან უნდა შეასრულოს”.

მერაბ გოხელაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, საკრებულოს დეპუტატი

“გასული წლის საკრებულოს სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორც ა(ა)იპეში ისე მერიის სხადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომლების აყვანის, დანიშვნის პროცედურები.  ვთქვი, რომ მერი მოსულიყო და მასთან ერთად გვესაუბრა. ზეპირსიტყვიერად აღმოჩნდა, რომ ამის სურვილი ყველას ჰქონდა, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასაც. ამის შემდეგ ორი სტრუქტურულად დიდ სააგენტოში ხელმძღვანელი იცვლება, რომლის კომპეტენცია უცნობია, მხოლოდ ჩემთვის კი არა მოქალაქეებისთვის. მიჩნდება შეკითხვა, ასე მალე როგორ და რა ღირებულებების გამო დაინიშნენ ეს ადამიანები, რატომ კონკურსი არ გამოცხადდა”.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.