ახალი ამბები

გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

სსიპ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

სამინისტროს განმარტებით, უწყებისთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

“კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: წარდგინება; კანდიდატის ავტობიოგრაფია; კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; კანდიდატის უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა; თეატრის განვითარების ხედვა და კონცეფცია; ასევე 4-წლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას” , – განმარტავს კულტურის სამინისტრო.

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი პირველად სამინისტრომ 2021 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომელიც 24 იანვარს ჩაშლილად ჩაითვალა და დაიწყო ახალი საკონკურსო პროცედურა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.