Back to Top
ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 21:28

რობერტ მაღლაკელიძე: გორი ნამდვილად არის ტურისტული ქალაქი

Written by
Rate this item
(0 votes)

„გორი ნამდვილად არის ტურისტული ქალაქი და ტურისტების რაოდენობა იმატებს. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 3 აგვისტომდე 318 245 ტურისტია გორში შემოსული. შედარებისთვის, გასული წლის მონაცემებით, გორს მთელი წლის განმავლობაში 280 551 ტურისტი სტუმრობდა“, - თქვა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გადაცემაში ,,საუბრები“. 

,, ჩვენს განყოფილებაში მომსახურების ხარისხის შემსწავლელი ჯგუფი მუშაობს. ეს ჯგუფი კვირაში ოთხჯერ გადის ტურისტულ ადგილებზე, ხვდებიან ტურისტებს და სპეციალურ კითხვარს ავსებინებენ. ამით ჩვენ ვიგებთ, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რის გაუმჯობესებას ითხოვენ და რა სურთ ტურისტებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ტურისტებს ძალიან აწუხებთ სველი წერტილების ნაკლებობა ქალაქში. სამწუხაროდ, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. საპირფარეშოების პრობლემაზე ჩვენ მერიას უკვე მივწერეთ და როგორც ჩემთვის ცნობილია უკვე დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა, უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი და ქალაქში 10 სველი წერტილი დაიდგმება. ასევე, ტურისტებს დისკომფორტს უქმნიან მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც განსაკუთრებით სტალინის სახლ - მუზეუმის ეზოში არიან ბლომად. ამის შესახებაც მივმართეთ მერიას და პასუხს ველოდებით. ძალიან მოსწონთ ტურისტებს ჩვენი მუზეუმები, უფლისციხე, გორის ციხე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მოსწონთ ხალხთან ურთიერთობა, მოსწონთ ჩვენი ხილი, რამდენიმე კვების ობიექტის საჭმელი, ზოგიერთი კვების ობიექტის მიმართ მათ პრეტენზიები აქვთ, სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე რეაგირების უფლება არ გვაქვს. მხოლოდ შენიშვნა შეგვიძლია მივცეთ, ან შეგვიძლია ვაცნობოთ სურსათის უვნებლობის სამსახურს. საერთო ჯამში, ტურისტებს საქართველო ძალიან მოსწონთ, ზოგი უკვე მესამედაც ჩამოვიდა გორში და ეს სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის", - აღნიშნა მაღლაკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,საუბრები“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას 20:00 საათზე.

Read 1355 times Last modified on ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 09:10