Back to Top
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 13:47

რობერტ მაღლაკელიძე: ტურიზმის განყოფილება აბრეშუმის გზის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს

Written by
Rate this item
(0 votes)

"ბიისის ჩანჩქერის განვითარების იდეა კლიპად ჩამოვაყალიბეთ ოთო გვრიტიშვილის დახმარებით და გავავრცელეთ ინვესტორების მოსაზიდად. აქ დიდი პოტენციალია ამ ტერიტორიის საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად  გადაქცევისთვის", - თქვა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გადაცემაში ,,საუბრები“. 

,,ჩვენი მიზანია, ტურისტები მხოლოდ უფლისციხეში, ატენსა და სტალინის მუზეუმში კი არა, გორის რაიონის ყველა სოფელში დადიოდნენ. ამისათვის ჩვენ ექსპედიციები ჩავატარეთ, შევაგროვეთ ინფორმაცია საოჯახო სასტუმროების, ისტორიული ადგილების და სხვა პოტენციალის შესახებ. გავიგეთ, ვინ გვყავს ხალხური რეწვის ოსტატები, ვინ ხალიჩას ქსოვდა, ვინ ნივთებს ამზადებდა, ვინ სამკაულს, ვინ კარგი კულინარი იყო. ეს ადამიანები მოვიყვანეთ უფლისციხეში, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი დადის და პირდაპირ მათ შევახვედრეთ. ტურისტები ძალიან დაინტერესდნენ მათით, ბევრს მისამართი გამოართვეს. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისა რომ ჩვენი სოფლების განძი გვეჩვენებინა ტურისტებისთვის. მომავალ წელს ვაპირებთ არაყის სახდელი აპარატები ჩამოვიტანოთ სხვადასხვა სოფლებიდან და ტურისტებს საშუალება მივცეთ, ადგილზე ნახონ მისი გამოხდის პროცესი და დააგემოვნონ. ტურისტს ასეთი თვისება აქვს, მეორე წელს რომ ჩამოვა, აუცილებლად ჩავა ზერტში იმ არაყის საყიდლად, წინა წელს რომ დააგემოვნა ფესტივალზე და მოეწონა. ამ ერთ ტურისტს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა. შ. მინდა, აგროტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად უფლისციხეში საინფორმაციო ჯიხური განვათავსოთ, სადაც საინფორმაციო ბუკლეტები იქნება ყველა სოფლის შესახებ, ეწერება რა ისტორიული ძეგლებია თითოეულ სოფელში, რით გამოირჩევა. ზოგ ტურისტს ვენახი მოწონს, ზოგს ვაშლის კრეფა, ზოგს ფუტკრის მოვლა და თევზაობა. ამ საინფორმაციო ბუკლეტებს უფასოდ დავურიგებთ ტურისტებს და არ არსებობს, ვიღაც არ წავიდეს მეჯვრისხევში, ვიღაც ვარიანში წავა, ვიღაცა კი ბერბუკში. ტურიზმის განყოფილება აბრეშუმის გზის ფესტივალის ჩატარებასაც გეგმავს, მსოფლიო რუკაზე გორის მუნიციპალიტეტის ცნობადობის გასაზრდელად, სამკურნალო ტურიზმის განვითარებისთვის კი, გორიჯვრის ბალნეოლოგიური აბანოს საკითხის წამოწევაზე ფიქრობს", - აღნიშნა მაღლაკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა ,,საუბრები“ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას 20:00 საათზე.

Read 911 times Last modified on ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 09:08