15 რჩევა მათთვის, ვინც გორში ჩამოსვლას გეგმავთ

ჭრელი ამბები Written by  ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 09:24 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომლის სტუმრობა ნამდვილად ღირს. ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით აქ ბევრის ნახვა და გაგება შეგიძლიათ.

ისინი, ვინც ასე ფიქრობთ და გორში ჩამოსვლას გეგმავთ, გირჩევთ ამ რეკომენდაციებსაც გაეცნოთ:

1. იქირავეთ ბინა, ოღონდ ეცადეთ ფანჯრები დასავლეთით არ იყოს - გორში მუდამ ქარი ქრის

2. ქუჩაში მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ფულით იმოძრავეთ - ანუ იმდენით, რამდენის დაკარგვაც, მთლად ბედის ანაბარა არ დაგტოვებთ. (ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებმა გაითვალისწინეთ, ვისაც ცხოვრებამ უკვე დაგიმტკიცათ, რომ გამონაკლისი ვერ იქნებით).

3. გასინჯეთ გორული კატლეტი - წონაც და შესახედაობაც მიმზიდველი აქვს, მაგრამ ძილის წინ მიძალება რეკომენდირებული არ არის.

15 რჩევა მათთვის ვინც გორში ჩამოსვლას გეგმავთ goruli katletiii

4. გახსოვდეთ, რომ გორის რესტორნებში სამი სახეობის ხინკალია - „კაი ხინკალი“, „ისე რა ხინკალი“ და „ერთი მაგის დედაც ვატირე ხინკალი“. კარგად დაფიქრდით და მიმტანს მკაფიოდ მიანიშნეთ თქვენთვის სასურველზე.

5. თუ თქვენი მეზობელი გორელია და თქვენი ცხოვრების გასაჯაროების არანაირი სურვილი არ გაქვთ, თავი აარიდეთ პირველივე შეკითხვას, რადგან მას სულ მცირე 10 ჩაკითხვა მოჰყვება. ყველა გორელი არისტოტელესავით სწორუპოვარი მოსაუბრეა.

6. თუ ხართ სიმპატიური, დასაქმებული და ზრდილი ახალგაზრდა, თუმცა ჯერ დაუოჯახებელი და თქვენს უახლოეს მიზნებში ოჯახის შექმნა არ შედის, ნუ გაამხელთ ყველაფერს ერთდროულად, რადგან აქაურები აუცილებლად შეეცდებიან დაგინათესაონ.

ამავე თემაზე: ფოტოები, რომლებიც გორში სეირნობას მოგანდომებთ

7. ნუ ენდობით ქალაქში მდგარ საათებს - ისინი დეკორაციულია და უკვე წლებია, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს.

8. „ზებრა“ გადასასვლელებზე სეირნობას ნუ მოინდომებთ - აქ ყველა მძღოლს თქვენზე მეტად ეჩქარება.

9.  ექვსის მერე ნუ დაეყუდებით გაჩერებებზე, რამეთუ ტრანსპორტის ლოდინი დილამდე მოგიწევთ.

ამავე თემაზე: როგორი იქნება გორი 30 წლის შემდეგ? - ტურისტის ჩანაწერი

10. ქალაქში სიარულისას ნუ იფიქრებთ რომ წინასაარჩევნო პერიოდია - პოლიტიკოსთა პლაკატები აქ არჩევნებიდან არჩევნებამდე რჩება.

11. ნუ შეგეშინდებათ მარტო სიარულის - რამდენიმე ნაბიჯში სულ მცირე 3 ძაღლი მაინც დაგემგზავრებათ.

15 რჩევა მათთვის ვინც გორში ჩამოსვლას გეგმავთ  rCeva 1

12. თუ გაგიმართლდათ და გორში წვიმიან ამინდში მოხვდით, შეგიძლიათ ცურვა ისწავლოთ.

13. თუ ქალაქში ძროხები შენიშნეთ, მათ შორის ქალაქის ცენტრში, თვალები არ მოიფშვნიტოთ - აქ ეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

14. თუ დაინახეთ, რომ პოლიციის მანქანა წივილ-კივილით გარბის, ნუ იფიქრებთ, რომ სადმე რამე უბედურება ხდება. ბიჭებს უბრალოდ საშაურმეში ეჩქარებათ.

15. გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი პუნქტები წარმოადგენს სუბიექტურ შეფასებებს. ასე, რომ მოემზადეთ გორში სტუმრობისთვის და გახსოვდეთ, რომ აქ იმაზე მეტს ნახავთ, ვიდრე შორიდან წარმოიდგენთ.

 

მთავარი ფოტო: გიორგი ისაკაძე

Read 2829 times Last modified on ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 12:00

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი